კრიპტოვალუტის მწარმოებლებმა „ჯეო სერვერსმა“ და „ბი ეფ დი სიმ“ ნოემბერში იმაზე 3-ჯერ მეტი ელექტროენერგია მოიხმარა, ვიდრე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“.
გასულ თვეს ამ ორი კომპანიის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ 55,618 მლნ კვტ/სთ შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც GWP-ს მოხმარებული ელექტროენერგია 14,016 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენდა.
ცნობისათვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საბითუმო ბაზარზე სავალდებულო რეგისტრაცია ევალება იმ კომპანიებს, რომელთა საშუალო თვიური მოხმარება 15 მილიონ კილოვატ/საათს აღემატება. შესაბამისად, ეს კომპანიები ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები არიან და ისინი დენს სადისტრიბუციო კომპანიებისგან არ ყიდულობენ.
ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, პირდაპირ მომხმარებლებს შორის წელს არიან „ჯორჯიან მანგანეზი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „ქუთაისი ინვესტმენტსი“ და კრიპტოვალუტის მწარმოებლები – შპს „ჯეო სერვერს“ და შპს „ბი ეფ დი სი“. ამ 5 კომპანიიდან ყველაზე მეტ ელექტროენერგიას „ბი ეფ დი სი“ (Bitfury) და „ჯეო სერვერსი“ მოიხმარენ. ენერგო ბალანსის მიხედვით, 7 თვეში („ჯეო სერვერს“ და „ბი ეფ დი სი“ პირდაპირი მომხმარებელი 1-ლი მაისიდან გახდნენ) ორივემ ერთად 338,9 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარეს, საიდანაც Bitfury-ზე 231,0 მლნ კვტ-სთ მოდის, „ჯეო სერვერსზე“ კი 107,9 მლნ კვტ/სთ. ამავე პერიოდში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 127,8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა. ანუ გამოდის, რომ კრიპტოვალუტის მწარმოებელმა 2 კომპანიამ 7 თვეში თითქმის 3-ჯერ მეტი ელექტროენერგია მოიხმარა, ვიდრე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, კომპანიამ, რომელიც თბილისსა და რუსთავს წყლით ამარაგებს.
ცნობისათვის, Bitfury კაიმანის კუნძულების ოფშორშია რეგისტრირებული და ის მისი შვილობილი კომპანიების გავლით ოპერირებს. Bitfury Group LTD რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე, კომპანიას ჰყავს შვილობილი კომპანია ლუქსემბურგში - Bitfury (Luxembourg) Sàrl, რომელსაც თავის მხრივ ჰყავს შვილობილი კომპანია ნიდერლანდებში - Bitfury Holding BV. სწორედ აღნიშნული ჰოლდინგი ფლობს საქართველოში ბიტკოინების მწარმოებელ კომპანიას "ბი ეფ დი სი ჯორჯიას."
Bitfury ერთ-ერთი მსხვილი ბლოკჩეინ კომპანიაა, რომელიც კრიპტოვალუტების გამოშვებისთვის - "მაინინგისთვის" აწარმოებს მძლავრ ჩიპებს და კომპანიებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ბლოკჩეინ სერვისს.
რაც შეეხება შპს „ჯეო სერვერს“, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ის 2018 წლის იანვარში დარეგისტრირდა. იმ დროისთვის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელიც Bitfury Holding BV იყო. მარტში კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ამერიკის მოქალაქე ჯობადიაჰ სინკლაირ ვიკსი გახდა. ამ კომპანიის დატა ცენტრი გორში მდებარეობს.