გიორგი ქობულიას განცხადებით, ახალი წლიდან ეკონომიკის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი ქობულიას მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

კითხვაზე, სმენია თუ არა მას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მამუკა ბახტაძე ეკონომიკურ გუნდთან ერთად გადადგეს, ქობულიამ უპასუხა, რომ ამის შესახებ არ სმენია.

რაც შეეხება მის უწყებას, ქობულიას თქმით, ახალი წლის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროში საკადრო ცვლილებები იქნება.

მინისტრი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ტურიზმის ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელად დაინიშნოს.

„ვინ და როდის დაინიშნება, ამას ძალიან სწრაფად გაიგებთ. ახალი წლიდან ცვლილებები იქნება და რა ცვლილებები იქნება, ამას გაიგებთ. მეტს არაფერს გეტყვით, ხოლო ცვლილებების მიზეზებს მერე აგიხსნით, როცა ცვლილებები იქნება", - განაცხადა ქობულიამ.