თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ტაქსების რეფორმის მიზანი ტაქსის მომსახურების სერვისის გაუმჯობესებაა. როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა, აღნიშნული რეფორმის პარალელურად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების კუთხით, რათა მოქალაქეებისთვის მეტროთი და ავტობუსით გადაადგილება ბევრად კომფორტული იყოს.
„ის ნაბიჯები, რომელიც პირველ ეტაპზე გადაიდგა, სწორედ იმის საწინდარია, რომ ამ სერვისით მომსახურება საუკეთესო იყოს. იყო მცდელობა, რომ ჩემი განცხადების უტრირება მოეხდინათ. მინდა, აღვნიშნო, რომ რეფორმის პარალელურად, ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, რათა ავტობუსები, მეტრო იყოს ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული. სწორედ ამიტომ ვაპირებთ ამდენი ახალი ავტობუსის შემოყვანას; ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს, იხაზება სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, რათა ქალაქში საცობების ფონზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული იყოს. თავიდან იყო საუბარი, რომ ეს არის ყველაზე გაჭირვებული ფენა და თითქოს ჩვენ რაღაცას ვართმევთ ამ ადამიანებს. პირიქით, ჩვენ მათ ვთავაზობთ დამატებით სარგებელს და შესაძლებლობას, უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეთ. ამასთან, ვინც სარგებლობს ტაქსის სერვისით, მათთვისაც ტაქსი უნდა იყოს სუფთა და გამართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ტაქსის სერვისის ხარისხის გაუმჯობესება როგორც ტაქსის მფლობელების, ისე მომხმარებლების ინტერესში შედის.
„ჩვენ ტაქსისტებს ხელს კი არ ვუყოფთ ჯიბეში, არამედ ტაქსის ბაზარს, ტაქსის ინდუსტრიას ვქმნით, რაც კარგია როგორც ტაქსისტისთვის, ასევე, მომხმარებლისთვის. თუ არავის გსმენიათ მოქალაქეების წუხილი იმასთან დაკავშირებით, რა დაბალ დონეზეა დღეს ტაქსის მომსახურება, მე შემიძლია ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ. უნდა გაიზარდოს მომსახურების ხარისხი, ეს კარგი იქნება როგორც მომხმარებლისთვის, ასევე თავად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტაქსით მომსახურებას სწევენ. ჩვენ ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც აქამდე ვერავინ მოახერხა. ჩვენ ეს საქმიანობა ნებართვას დავუქვემდებარეთ. დღეისთვის უკვე ტაქსით მომსახურების 23 ათასამდე ნებართვა გვაქვს გაცემული და ეს ადამიანებ რეფორმის, განვითარების გზაზე დგანან, რომელიც წლიდან წლამდე განხორციელდება. რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში შედეგი ვერ დაიდებოდა, რადგან ეს არის გრძელვადიანი რეფორმაა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.