2018 წლის ნოემბერში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეს კომერციულ ბანკებში წლიურმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 11,9% შეადგინა. ეს 0,7%-ით მეტია ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირებისთვის 6,5%-დან 6,8%-მდე გაიზარდა, იურიდიული პირებისთვის კი, პირიქით, 8,3%-დან 7,9%-მდე შემცირდა.
ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის გაიზარდა 1,7 პროცენტული პუნქტით და 19,6 პროცენტია, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 11,1%-დან 11%-მდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 336.1 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 26.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 87.7 მლნ ლარით (0.8 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 248.4 მლნ ლარით (1.7 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.2 პროცენტით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.4 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.9 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 1.7 პროცენტით მეტი). 2018 წლის ნოემბრის განმავლობაში 0.8 პროცენტით, ანუ 111.1 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 13.9 მლრდ ლარი შეადგინა.