ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე ოქტომბრის შემდეგ გავა

2013 წელს საქართველოდან 6-ჯერ მეტი თაფლის ექსპორტი განხორციელდა, ვიდრე 2012 წელს

თაფლი ერთ-ერთია იმ სასურსათო პროდუქციიდან, რომლის გატანასაც საქართველო ევროკავშირის ბაზარზე გეგმავს. თუმცა ქართულ თაფლს ჯერ მკაცრი შემოწმების გავლა მოუწევს - მათ შორის ანტიბიოტიკებსა და პესტიციდებზე. ხშირია შემთხვევები, როცა ფუტკრის წამლობის დროს გამოიყენება ისეთი პრეპარატები, რომლებიც აკრძალულია, ვადაგასულია ან მათი მოხმარება მეფუტკრეებმა არ იციან.

გიორგი კეპაშვილი, საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე: ”როცა ვსაუბრობთ ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში, უნდა აღინიშნოს ის საინტერესო მონაცემები, რომელიც ასახავს ამ პროდუქციის საშუალო მოხმარებას მსოფლიოში. სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ადამიანი წელიწადში 4 კილოგრამ თაფლს მოიხმარს, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე და ეს მონაცემი ჩვენთან ოთხჯერ ნაკლებია. შესაბამისად, ევროკავშირის ნახევარმილიარდიანი ბაზარი ძალიან საინტერესოა ნებისმიერი მეწარმისთვის, მაგრამ არსებობს მოთხოვნები და ისინი უნდა იყოს დაკმაყოფილებული. თაფლის პირველადი წარმოება ახალი ტექნოლოგიებით და მომხმარებლისთვის უსაფრთხო პირობებში უნდა მოხდეს. მისი დამუშავება უნდა ხდებოდეს ქარხნული წესით და იმ სტანდარტების გათვალისწინებით, რაც ევროპაში მოქმედებს. დღეს თაფლის ევროპულ ბაზარზე გატანის პრობლემას წარმოადგენს იმ ლაბორატორიის არარსებობა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის კვლევებს. არსებობს მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოში ასეთი ლაბორატორია ამოქმედდება და მისი მშენებლობისთვის 1 მილიონი ევროა გამოყოფილი. შესაბამისად, მხოლოდ ოქტომბრის შემდეგ იქნება შესაძლებელი საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის გატანა”.

2013 წელს საქართველოდან 6-ჯერ მეტი თაფლის ექსპორტი განხორციელდა, ვიდრე 2012 წელს. "საქსტატის" ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოდან ექსპორტირებული თაფლის მოცულობამ 17 ტონა შეადგინა, მაშინ, როდესაც 2012 წელს ქვეყნიდან მხოლოდ 2,7 ტონა თაფლი გაიტანეს. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს საქართველოდან 116.7 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გაიტანეს, ხოლო 2012 წელს კი 29.2 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2013 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით თაფლის ექსპორტი - 12.9 ტონა - ლიბიაში განხორციელდა, სადაც გასულ წელს 62.4 ათასი დოლარის ღირებულების თაფლის ექსპორტი განხორციელდა. 2012 წელს კი ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, სადაც 2012 წელს 2.6 ტონა თაფლი გავიდა.