„საახალწლოდ გამოყოფილი 1 778 800 ლარიდან, ძირითადი ნაწილი მომღერლების ჰონორარებზე დაიხარჯება"

საახალწლოდ გამოყოფილი 1 778 800 ლარიდან, ძირითადი ნაწილი მომღერლების ჰონორარებზე დაიხარჯება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ განმარტა, ჩატარდა გამარტივებული შესყიდვა, რადგან მომღერლების მომსახურებას მერია ტენდერით ვერ შეისყიდდა.

„საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით გამარტივებული შესყიდვა იყო მოთხოვნილი და გუშინ, სხვათა შორის, ამაზე შეკითხვაც დაისვა საკრებულოს სხდომაზე. უბრალოდ, ვინც შეკითხვა დასვა, აღარ დაესწრო სხდომას და ვერ შევძელი პასუხი გამეცა, თუმცა ახლა ავხსნი, რომ 1 778 800 ლარი არის მოთხოვნილი გამარტივებული შესყიდვებისთვის და ეს თანხა ძირითადად ორიენტირებულია კრეატიულ გადაწყვეტილებებზე, ამ ტიპის მომსახურების შესყიდვა, რა თქმა უნდა, ტენდერით ვერ მოხდებოდა და ამ თანხის ძირითადი ნაწილი არის მომღერლების ჰონორარები.

თუ ვინმე მეტყვის ტენდერით როგორ შევარჩიო მომღერალი, არ ვიცი, ხმით შევარჩიო, ხმის ტემბრით შევარჩიო თუ არის ამის საშუალება და ვინმე მომაწვდის ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ჩემთვის უკეთესი იქნება, რომ ტენდერის გზით წავიდეთ და რაიმე კითხვები არ გაჩნდეს გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით. თუმცა, ესეც ყოველგვარი კანონიერების ფარგლებში მიმდინარეობს და ზოგადად მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული თანხით 1200-მდე მუსიკოს-შემსრულებელი, 270 მომსახურე პერსონალი სხვადასხვა სახის საახალწლო ატრიბუტიკა და ბუტაფორია და 50-მდე კონცერტი, აქტივობა და გალა კონცერტის მომზადება ფინანსდება",- განაცხადა კალაძემ.

წინასაახალწლოდ „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს
ღონისძიებები, რომელიც თბილისში საახალწლო პროგრამის ფარგლებში გაიმართება
ეგვიპტე და ჩეხეთი - კიდევ რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველები ახალი წლის შესახვედრად