ბუნებრივი გაზის ტარიფის შესანარჩუნებლად სუბსიდირება ნავთობის და გაზის კორპორაციამ გააკეთა, - ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მილორავამ განმარტა, მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალური გაზის ფასი, თბილისის შემთხვევაში 105 დოლარიდან შემცირდა 103,7 დოლარამდე 1000 კუბურ მეტრზე და "სოკარ ჯორჯია გაზის" და "საქორგაზის" შემთხვევაში - 92.25 დოლარამდე.
„მთავარი კომპონენტი, რამაც შესაძლებლობა მოგვცა სამომხმარებლო ტარიფები შეგვენარჩუნებინა, არის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ სოციალური გაზის ფასი, რომელიც მოქმედ ტარიფში იყო გათვალისწინებული, 105 დოლარიდან თბილისის შემთხვევაში, შემცირდა 103,7 დოლარამდე 1000 კუბურ მეტრზე და „სოკარ ჯორჯია გაზის" და „საქორგაზის" შემთხვევაში 92.25 დოლარამდე შემცირდა 1000 კუბურ მეტრზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ წერილში ცალსახად არის მითითებული, ამ ხარჯს თავის თავზე იღებს სახელმწიფო კომპანია - ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ეს არ ხდება აზერბაიჯანული კომპანიის ხარჯზე“, - განაცხადა მილორავამ.
სემეკის თავმჯდომარის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რა დაუჯდება სუბსიდირება სახელმწიფოს.
„სამწუხაროდ, არ გვაქვს ინფორმაცია, რა უჯდება ეს ხარჯი კომპანიას. ეს არის სოციალური პოლიტიკის შედეგი, რაც საქართველოს მთავრობამ გაატარა და ასეთი სუბსიდირებით შეინარჩუნა სამომხმარებლო ტარიფი. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ განაწილების ტარიფი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია განაწილების ლიცენზიანტებისთვის, სადაც არის ასახული პრაქტიკულად ყველა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხარჯი - ხელფასები, სარემონტო ხარჯები და ა.შ. გაზრდილია, კომპანიების შემოსავლები გაზრდილია, რომ მათ შეუფერხებლად განაგრძონ მუშაობა და გაზის მიწოდება რეგიონებისთვის. რაც შეეხება "ყაზტრანსგაზს", აქ განაწილების ტარიფი შემცირებულია, რადგან არ არის განხორციელებული იმ მოცულობის ინვესტიცია, რაც "სოკარ ჯორჯია გაზის" და "საქორგაზის" შემთხვევაში და რაც არის გაკეთებული, ისიც გაკეთდა მომხმარებლებისგან მიღებული თანხით და არ ექვემდებარება ტარიფში ასახვას. ასევე „ყაზტრანსგაზ- თბილისში“ შევამცირეთ ბუნებრივი გაზის დანაკარგების მაჩვენებელი, რომელიც მუდმივად უნდა მცირდებოდეს წლიდან წლამდე“, - განაცხადა მილორავამ.
შეგახსენებთ, რომ სემეკ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რეგიონებსა და თბილისში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება.
კერძოდ, იმ რეგიონებში, სადაც „სოკარ ჯორჯია გაზი" ოპერირებს, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი 0.011 თეთრით მცირდება. რაც შეეხება იმ რეგიონებს, სადაც „საქორგაზი" ოპერირებს, იქ ტარიფი 0.012 თეთრით შემცირდა, დედაქალაქში კი ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს.