„მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი უნდა ყოფილიყო პასუხი ბევრ შეკითხვაზე, არადა პირიქით - უამრავ შეკითხვას აჩენს“, - ასე აფასებს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი მიწისქვეშა და მიწისზედა ტრანსპორტზე, მათ შორის, ლიცენზირებულ თეთრ ტაქსებზე რეკლამის განთავსების უფლების რომელიმე კონკრეტული კომპანიისთვის 20 წლით, ექსკლუზიურად გადაცემის ფაქტს.
მისივე თქმით, მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონის პირობები ტაქსების ნაწილში განსაკუთრებით გაუგებარია. ამასთან, როგორც მესხიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა შეძლოს კომპანიამ ასეთი მნიშვნელობის აუქციონისთვის მომზადება 9 დღეში, თუ წინასწარ, აუქციონის გამოცხადებამდე არ ჰქონდა ინფორმაცია.
„ეს არის წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მერიის მხრიდან და არც არანაირი ინფორმაცია, ახსნა-განმარტება იმის, თუ რატომ გამოცხადდა აუქციონი ამ პირობებით, მერიის მხრიდან არ მოგვისმენია. ტრანსპორტის სფეროში გრძელვადიანი ხელშეკრულებები წამგებიანია, რადგან ეს სფერო მუდმივად ცვალებადია - დროთა განმავლობაში ტრანსპორტიც ვითარდება და ტრანსპორტის პოლიტიკაც იცვლება. შესაბამისად, ბუნდოვანი და გაუგებარია, როგორ აძლევს მერია აუქციონში მონაწილე კომპანიას რეკლამის 20 წლით განთავსების უფლებას. განსაკუთრებით გაუგებარია, ტაქსების შემთხვევაში, როგორ იძლევა ამ დაპირებას მაშინ, როცა არ იცის რამდენი ტაქსის მძღოლია თანახმა, რომ საკუთარ ავტომობილზე რეკლამა განათავსოს.
ამასთან, არ მესმის, რატომ მოხდა აუქციონის ასეთი უცაბედი და ასე მოკლე ვადით გამოცხადება. თუ წინასწარ არ ხარ მომზადებული, წარმოუდგენელია როგორ უნდა შეძლოს კომპანიამ ერთ კვირაში ამ აუქციონისთვის მომზადება. ასეთი წინადადების დროს, აუქციონში მონაწილე კომპანიას აუცილებლად სჭირდება ბაზრის მოკვლევა იმისათვის, რომ იცოდეს, თუ რა დანახარჯი ან მოგება ექნება ამ საქმიანობის განხორციელებისას. ასეთი ინფორმაციის მოძიება კი ერთ კვირაში არ ხდება. შესაბამისად, თუ გამოჩნდება რომელიმე კომპანია, რომელმაც ერთ კვირაში მოასწრო მომზადება და განაცხადის წარდგენა, მექნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვიღაცას აუქციონის გამოცხადებამდე ჰქონდა ინფორმაცია“, - აღნიშნა მესხიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მერიის ქონების მართვის სააგენტომ მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით ექსკლუზიურად განთავსების უფლებაზე აუქციონი გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობისთვის კომპანიებს საკმაოდ მოკლე პერიოდი აქვთ განსაზღვრული, აუქციონი 19 დეკემბერს გამოცხადდა და 28 დეკემბერს სრულდება. სამაგიეროდ, აუქციონში გამარჯვებული კომპანია რეკლამის განთავსების გრძელვადიან - 20-წლიან, ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს. დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღებისათვის კომპანიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში 3 000 000 ლარი „ბე"-ს სახით უნდა გადაიხადოს. ამასთან, საპრივატიზებო თანხა - 11847124,99 ლარს, ხოლო სავაჭრო ბიჯი 100 000 ლარს შეადგენს.