მიმდინარე წელს, საქართველოდან ექსპორტირებული მანდარინის 64% რუსეთის ბაზარზე გავიდა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ East Fruit-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 20 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტირებული მანდარინის საერთო მოცულობამ 19, 496 ტონა შეადგინა. აქედან 12, 508 ტონა რუსეთის ფედერაციაში გავიდა. გარდა ამისა, საქართველომ მანდარინის ექსპორტი განახორციელა უკრაინაში (4 200 ტონა), სომხეთში (2269 ტონა), ყაზახეთში (138 ტონა), ბელორუსში (80 ტონა), ყირგიზეთში (60 ტონა), ლატვიაში (40 ტონა) და ა.შ.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის მანდარინის მოსავალი მოვიდა და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20, 6%-ით გადააჭარბა.
ცნობისთვის, მანდარინის დახარისხება-შეფუთვას, შემდგომი ექსპორტის მიზნით, აჭარაში 30-მდე საწარმო ახორციელებს. რაც შეეხება პროდუქტის ფასს, სტანდარტული მანდარინის საბითუმო ღირებულება 50-80 თეთრს შეადგენს.