მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის CSR-ის კლუბის წევრი გახდა.
როგორც „ემ ბი სი“-ში აცხადებენ, კლუბის წევრობა მათ დაეხმარება სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ უფრო გაძლიერებაში. „ემ ბი სი“-ს საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორის ეთერ ჩაჩიბაიას განმარტებით, კომპანია გეგმავს აქტიურად განაგრძოს სოციალურ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერა. მათ შორის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ფინანსური განათლების თემა წარმოადგენს. ასევე განსაკუთრებით გამოსაყოფია სოციალური საწარმოების დახმარება, გამწვანებისა და ბუნების დაცვის მიმართულება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი" ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და ის საზოგადოებას ფინანსური მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, ასევე სიღარიბისა და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლას. კომპანია Global Compact-ის ქსელის წევრია და აღიარებს გაეროს გლობალური შეთანხმდების 10 პრინციპს.
რაც შეეხება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბს. ეს არის არარეგისტრირებული კავშირი, რომლის მისიას წარმოადგენს საქართველოში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით. კლუბი 2015 წელს დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) და კომპანია “ჯეპრა”-ს ინიციატივით. დღესდღეობით კლუბი აერთიანებს 90-მდე წევრს, ბიზნესის, არასამათავრობო სექტორის, საჯარო სტრუქტურებისა და აკადემიის წარმომადგენლებს.
კლუბი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ბიზნესში და ზოგადად, საზოგადოებაში კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტებზე ცნობიერების ამაღლებას, აღნიშნული მიმართულების პოპულარიზაციას და წახალისებას.
„ჩვენი მიზანია მიკროსაფინანსო ბაზარზე სანდო და ცნობადი რეპუტაციის დამკვიდრება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კომპანიის მთავარი მონაპოვარია გამოცდილი გუნდი, მყარი ფინანსური პარტნიორები და გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა. ჩვენი კომპანიის მორალური ვალდებულება არის ჩვენს მიერ აღებული პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ გარემოსა და მოსახლეობაზე, მივაღწიოთ კომერციულ წარმატებას ეთიკური ნორმების სრული დაცვით, პატივი ვცეთ ჩვენს მომხმარებლებს, ბუნებას და საზოგადოებას. ვაპირებთ, მომავალში აქტიურად გავაგრძელოთ სოციალური პროექტების მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ CSR კლუბში გაწევრიანება ძალიან სასარგებლო და საინტერესო იქნება ჩვენთვის, რადგან გვეძლევა საშუალება გავიზიაროთ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და საუკეთესო მაგალითები“ - განაცხადა „ემ ბი სი“-ის საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორმა ეთერ ჩაჩიბაიამ.