საქართველოში ბენზინის ფასი არაადეკვატურად გაიზარდა?

საქართველოს საცალო ქსელში ნავთობპროდუქტების გაძვირების ტენდენცია გრძელდება.საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამას მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებით ხსნიან. როგორც აღნიშნულ ორგანიზაციაში ამბობენ, მაისსა და ივნისში, საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt'ს-ის მიხედვით (რაზეც დამოკიდებულია საქართველოში საწვავის ფასი) გაიზარდა. კერძოდ, ბენზინის ფასი გაზრდილია 58 დოლარით - 1033 დოლარამდე 1 ტონაზე; დიზელის ფასი კი მომატებულია 27 დოლარით, ანუ 911.50 დოლარამდე 1 ტონაზე.

”ნავთობის ფასის ზრდა განპირობებული იყო ძირითადად ერაყში არსებული კრიზისით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანა გახლავთ. ნავთობის ფასის ზრდას ნაწილობრივ ხელი შეუწყო ასევე რუსეთ-უკრაინის კრიზისმაც.

აღნიშნულმა განაპირობა საქართველოში საწვავის ფასის ზრდა. კერძოდ, დღეისათვის საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შემდეგნაირად გაიზარდა: ”სუპერის” ტიპის ბენზინი 2-3 თეთრით/ლიტრზე, ”პრემიუმის” ტიპის ბენზინი 2-5 თეთრით/ლიტრზე, ”ევრო რეგულარის” ტიპის ბენზინი 2-5 თეთრით/ლიტრზე, ”რეგულარის” ტიპის ბენზინი - 2-5 თეთრით/ლიტრზე, ”ევრო დიზელი” - 2-4 თეთრით/ლიტრზე, L-62 დიზელი - 2-4 თეთრით/ლიტრზე. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ფასის ადეკვატური ზრდის პირობებში, საცალო ქსელში ბენზინის ფასი უნდა გაზრდილიყო საშუალოდ 10 თეთრით/ლიტრზე, ხოლო დიზელის საწვავი - 6-7 თეთრით ლიტრზე”,-ამბობენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

ამავე ორგანიზაციის განცხადებით, ივლისის თვეში ნავთობზე ფასი მცირდება და ფასი 11 ივნისის შემდგომ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დგას. ”ფასის კლება განპირობებულია შემდეგით: ერაყში არსებული კრიზისი გავლენას ვერ ახდენს როგორც ნავთობის მოპოვებაზე, ასევე მის ექსპორტზე; ლიბია აპირებს ნავთობის ექსპორტის განახლებას 2 ტერმინალის საშუალებით (აღნიშნული ტერმინალები ერთწლიან ბლოკადაში იმყოფებოდნენ, რის შედეგადაც ლიბიის ნავთობის ექსპორტი 75%-ით შემცირდა). შესაბამისად, მიმდინარე თვეში შემცირებულია საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე  Platt'ს-ის მიხედვით. კერძოდ, ბენზინის ფასი შემცირებულია 11.50 დოლარით/ტონაზე, ხოლო დიზელის საწვავის ფასი - 13.75 დოლარით/ტონაზე”,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.