საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 27 დეკემბრის საჯარო სხდომაზე შპს „მტკვარი ენერჯისათვის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“, შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვისა“ და შპს „ჯიფაუერისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2019 წლის ტარიფები დაადგინა.
გადაწყვეტილების მიხედვით, თბოელექტროსადგურების ტარიფები გაიზარდა.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, „მტკვარი ენერჯის“ წარმოების ტარიფი 1.666 თეთრით გაიზარდა (11.097 თეთრამდე); „გარდაბნის თბოსადგურის“ – 0.310 თეთრით (8.322 თეთრამდე); „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ მესამე და მეოთხე ბლოკის – 1.251 თეთრით (12.761 თეთრამდე), ხოლო „მტკვარი ენერჯის“ – 0.134 თეთრით (11.646 თეთრამდე). სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ყველა კომპანიისთვის, „გარდაბნის თბოსადგურის“ გარდა, მოიმატა გარანტირებული სიმძლავრის საფასურმაც. ყველაზე მეტად ცვლილება „მტკვარი ენერჯიზე“ აისახა, რომლის ტარიფი დღეზე 17,491 ლარით, 77,121 ლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ სემეკის დღევანდელ გადაწყვეტილებას ამ ეტაპზე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა არ ექნება, რადგან მოსახლეობისთვის ტარიფები 2019 წლის ბოლომდეა დამტკიცებული.