საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მიწისზედა და მიწისქვეშა მუნიციპალურ ტრანსპორტსა და ტაქსებზე რეკლამის განთავსების შესახებ მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი აშკარა კორუფციის ნიშნებს შეიცავს.
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ წამყვანის შეკითხვაზე, ხომ არ აჩენს კითხვებს აუქციონი და რატომ ამბობს მერია უარს ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონებით საკმაოდ დიდი შემოსავალი მიიღოს ბიუჯეტმა, ელისაშვილმა განაცხადა, რომ საქმე გვაქვს კორუფციასთან.
„ეს ყველაფერი ყვირის, რომ კორუფციასთან გვაქვს საქმე და ეს ფაქტია. 20 წლით იძლევიან ამ ყველაფერს ძალიან ცოტა ფულის ფასად. კომპანია, რომელიც გაიმარჯვებს, ბევრ ხეირს და ძალიან ბევრ ფულს იშოვის. აქ კორუფციასთან გვაქვს საქმე. კალაძემ მერიაში და „ქართულმა ოცნებამაც“ მთლიანად გადაწყვიტეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფულის საშოვნელად მიუგდო ეს ქვეყანა, ეს ქალაქი და მათ ფული უნდა აკეთონ. უფრო მეტიც, მოძებნეთ ინფორმაცია თბილისის გენერალურ გეგმაზე, კალაძემ ჩხუბების და დავიდარაბის შემდეგ, 4 ივლისს თქვა, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან გენგეგმა შევიდოდა ძალაში. დღეს არის 27 დეკემბერი, საკრებულოს გენგეგმა არ დაუმტკიცებია. კალაძემ თქვა ტყუილი. რატომ არ დაამტკიცა საკრებულომ გენგეგმა? წელიწადნახევარია გდია ეს გენგეგმა და იცით რატომ? ნინოშვილის ქუჩაზე უნდათ კორპუსების აშენება და გენგეგმაში წერია, რომ იქ უნდა იყოს რეკრეაციული ზონა. მეც მაინტერესებს კალაძისგან პასუხები, ამ აუქციონზეც, გენგეგმაზეც, თუ გამოვა ნარმანიასავით და იბოდიალებს რაღაცას, იმდენ რამეზე ვაწერდი ხელს და მე რა ვიცი ყველაფერიო?! გამოვიდეს და განგვიმარტოს, რატომ არ შედის გენგეგმა ძალაში, თუ ნასვამი იყო მაშინ, გამოვიდეს და გვითხრას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ერთი დღე დარჩა აუქციონის ამოწურვამდე, რომლის შემდეგაც უნდა გადაწყდეს იმ კომპანიის ვინაობა, რომელსაც 20-წლიანი ვადით გადაეცემა თბილისში, მიწისზედა და მიწისქვედა მუნიციპალურ ტრანსპორტსა და ტაქსებზე რეკლამის განთავსების უფლება. ლოტის ღირებულებად დასახელებულია 12 მილიონი დოლარი და 20 წლიანი ვადა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულს ლოტი საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე გადაეცემა.