მიწისზედა და მიწისქვეშა საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკლამის განთავსებისთვის, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პროკურატურას და სასამართლოს მიმართავს, - ამის შესახებ HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ურუშაძემ აღნიშნა, თბილისის მერი ფიქრობს, შექმნას საშვილიშვილო ბიზნესი, რითაც ის ბოროტად იყენებს თანამდებობას. ურუშაძის თქმით, ეს საქმე შეიძლება კახა კალაძისთვის მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული გახდეს.
"თბილისის მერი ფიქრობს იმაზე, რომ შექმნას საშვილიშვილო ბიზნესი. სხვა მოტივი ამას არ შეიძლება ჰქონდეს. სერვისი, რომელიც მომგებიანია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის, ფიქრობს, გადასცეს 20-წლიანი ექსკლუზიური უფლებით სხვა კომპანიას მინიმალურ თანხად - 12 მილიონად. რა თქმა უნდა, ეს არის პრიმიტიული, დრომოჭმული სქემა. ეს სქემა არის დაგეგმილი თავად თბილისის მერის მიერ, მისი პირადი ინტერესებია. ადგილი აქვს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივ გულგრილობას, რაც ასევე ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით და არანაკლებ ისჯება, ვიდრე კორუფციული გარიგება. 9-დღიანი აუქციონი მიუთითებს იმაზე, რომ სხვა კომპანიებს ფიქრის დროც არ დარჩენოდათ",- განაცხადა ურუშაძემ.
ურუშაძის თქმით, მერიის აუქციონის შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს.
"ჩვენი ბერკეტი არის სასამართლო და იურისტებთან გვაქვს კონსულტაცია გასასაჩივრებლად. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს არ უწყობს არც ქალაქის განვითარებას, არც სატრანსპორტო კომპანიის და არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის. ეს პირდაპირ ემსახურება გარკვეული თუ გაურკვეველი პირების პირად ფინანსურ ინტერესებს. რა ბერკეტებიც გაგვაჩნია, მას გამოვიყენებთ, მივმართავთ სასამართლოს. ვფიქრობ, კახა კალაძისთვის ეს საქმე შეიძლება ერთ-ერთი აღმოჩნდეს, რომელიც მის კარიერას ძალიან ცუდად დაასრულებს ქართულ პოლიტიკაში",- განაცხადა ურუშაძემ.
შეგახსენებთ, რომ მერიის ქონების მართვის სააგენტომ მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით ექსკლუზიურად განთავსების უფლებაზე აუქციონი გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობისთვის კომპანიებს საკმაოდ მოკლე პერიოდი აქვთ განსაზღვრული, აუქციონი 19 დეკემბერს გამოცხადდა და 28 დეკემბერს სრულდება. სამაგიეროდ, აუქციონში გამარჯვებული კომპანია რეკლამის განთავსების გრძელვადიან - 20-წლიან, ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს. დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღებისათვის კომპანიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში 3 000 000 ლარი „ბე"-ს სახით უნდა გადაიხადოს. ამასთან, საპრივატიზებო თანხა - 11847124,99 ლარს, ხოლო სავაჭრო ბიჯი 100 000 ლარს შეადგენს.