„მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა.

კომპანიის ინფორმაციით, დიდველზე სულ არის ოთხი საბაგირო: გონდოლას ტიპის, სკამებიანი (ბაბლი), ბიგელი და ფუნიკულიორი. კურორორტზე არის 16 კილომეტრიანი 8 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისათვის.

კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამაშველო სამსახური და მოთხილამურე პატრულები უზრუნველყოფენ. საბაგიროები ყოველ დღე, 10:00-16.45 საათამდე იმუშავებს.

დიდველზე დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების სიტემა. 2000 მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.

კურორტზე ღამეც შესაძლებელია სრიალი, ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური ფერადი განათებები, ე.წ „ლედ განათებები“.

დიდველზე დამონტაჟებულია სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქცია „ტობოგანი“, ანუ მთის ციგა. „ტობოგანის“ მშენებლობა სლოვაკურმა კომპანია „Tatralift”-მა განახორციელა. ტრასის სიგრძე 960 მეტრია.

ბაკურიანში არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კინოთეატრი „ბაკურიანი“. გასულ წელს შეიქმნა საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს ინფორმაციით უზრუნველყოფს. ცენტრი დამსვენებლებს აძლევს საშუალებას შეიძინოს სასურველი აბონემენტი რიგში დგომის გარეშე და დეტალური ინფორმაცია მიიღოს ამინდისა და სასრიალო გზების შესახებ, ასევე კვების ობიექტების, სატრანსპორტო საშუალებებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლის განრიგს.