რამდენით გაძვირდება თამბაქო 1-ლი იანვრიდან

1-ლი იანვრიდან თამბაქო ძვირდება. ფასები მოიმატებს როგორც ადგილობრივ წარმოებაზე, ასევე იმპორტირებულზეც. ამის მიზეზი უფილტრო სიგარეტზე აქციზის 1,7 ლარამდე ზრდა, ფილტრიანზე კი ადვალური გადასახადის გასამმაგებაა. აღნიშნული ცვლილება საგადასახადო კოდექსში უკვე შევიდა.

ცნობისათვის, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე აქციზი უნდა გათანაბრებულიყო. (დღეს 20 ღერ ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გადასახადი 1,7 ლარს შეადგენს, უფილტროზე კი 60 თეთრს) თუმცა მოგვიანებით, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ცვლილება ადგილობრივ წარმოებაზე ნეგატიურად აისახებოდა, პროექტში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა - ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი 10%-დან 30%-მდე გაიზარდა.

შედეგად - 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტზე აქციზი 1,7 ლარი გახდება. ადვალური გადასახადი კი ფილტრიან სიგარეტზე 30%-მდე გაიზრდება, უფილტროზე კი დღეს არსებული 10%-იანი ნორმა შენარჩუნდა. (ადვალური გადასახადი არის გადასახადის ისეთი სახეობა, რომელიც შემოსავლის ან ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს წარმოადგენს). ანუ საბოლოო ჯამში, 1-ლი იანვრიდან უფილტრო სიგარეტი საშუალოდ 1,1 ლარით გაძვირდება, ფილტრიან სიგარეტზე ფასი კი 40-50 თეთრით მოიმატებს.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, „კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, თანაბრდებოდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტისთვის ფიქსირებული აქციზი. ჩვენი ინიციატივა იყო, რომ 1.7 ლარი ყოფილიყო ორივე შემთხვევაში. მერე უკვე კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე გამოითქვა შენიშვნა, რომ ეს შეიძლება პრობლემა იყოს უფილტრო სიგარეტის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. დაისვა ადგილობრივ წარმოებაში დასაქმებული 1000 ადამიანის საკითხი. გამოითქვა მოსაზრება, რომ ადგილობრივ წარმოებულ უფილტრო სიგარეტს ფასში გარკვეული განსხვავება და კონკურენტული უპირატესობა მივცეთ. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს შენიშვნები და ადვალური გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე განისაზღვრა 30%-ით, ნაცვლად 10%-ისა. აქედან გამომდინარე აქციზი მოიმატებს, ის განსხვავება, რაც იყო უფილტროსა და ფილტრიანს შორის, აღარ იქნება, მაგრამ მცირე განსხვავება მაინც დარჩება. როგორც ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს, საშუალოდ სადღაც 40-50 თეთრზე არის საუბარი“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ელზა წიკლაური