მთავრობა ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის 100-მილიონიან პროექტს იწყებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით 2019 წლიდან საქართველოში ახალი პროექტი იწყება, რომლის ჯამური მოცულობაც 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ხანიშვილის განმარტებით, პროგრამა რამდენიმე ძლიერი ფერმერული მეურნეობის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. მისივე ინფორმაციით, პროექტმა 13 000 მეტი ფერმერი უნდა მოიცვას. შედეგად კი ქართველი ფერმერები მეცხოველეობის დარგში პროდუქტიულობის მიღწევას და წარმოების მნიშვნელოვან ზრდას შეძლებენ.

„ეს არის IFAD-ის სესხით დაფინანსებული პროექტი. მისი ჯამური მოცულობა ას მილიონ ლარს აღემატება. ეს თანხა ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის იქნება მიმართული. აქ მნიშვნელოვანია არსებულ ჯიშთა გაუმჯობესება ხელოვნური განაყოფიერების გზით, ასევე დაბალანსებული კვებით უფრო მაღალი პროდუქტიულობის მიღწევა. მაღალპროდუქტიული ჯიშები საქართველოში დღესაც შემოდის, თუმცა ეს რაოდენობა ბევრად გაიზრდება. ამავდროულად , ერთ სულ საქონელზე გაიზრდება წარმოებული პროდუქციის მოცულობაც.

ვფიქრობთ, 2020 წლისთვის ფერმერებს არამარტო რეგულაციების აღსრულებას მოვთხოვთ, არამედ შევთავაზებთ მექანიზმებს, რომლებიც მათ მიერ იქნება გამოყენებული და თანდათან შემცირდება ქვეყანაში არამიკვლევადი პროდუქცია“,-განაცხადა გელა ხანიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებას და მათ გამსხვილებას შეუწყობს ხელს. სესხი კი გრანტის სახით ამ ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს გადაეცემა. პროექტის განხორციელება გაზაფხულიდან დაიწყება.

ქრისტინე გამთენაძე