როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება 2018 წელს, რომელიც Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში 308-ე ადგილზეა

Bloomberg-ის ინფორმაციით, 2018 წელს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება 511 მლრდ დოლარით, 4,7 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა.

„ბლუმბერგის“ მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ 62 წლის ბიძინა ივანიშვილია, რომლის ქონებაც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 4.97 მილიარდი დოლარით არის შეფასებული. ამასთან, ამ დროისათვის ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში 308-ე ადგილზეა.

როგორც „ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსშია აღნიშნული, წლიურად მისი ქონება 14.2%-ით ანუ 825 მილიონი დოლარით არის შემცირებული. ცნობისთვის, 2018 წლის დასაწყისში მისი ქონება 5.8 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ამასთან, ინდექსის თანახმად, ივანიშვილის კუთვნილი ხელოვნების ნიმუშები 1 მლრდ დოლარზე მეტადაა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული. „ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ - იუწყება გამოცემა.

ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია.

თაია არდოტელი