საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულთა დაზღვევა სავალდებულო გახდა

დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით მუშაობის პერიოდში დასაქმებულისთვის შეიძინოს უბედური შემთხვევის დაზღვევა - ეს მუხლი შრომის უსაფრთხოების კანონში ძალაში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა.

სავალდებულო დაზღვევის შეძენა აუცილებელია ყველა იურიდიული პირისთვის, მათ შორის, ინდმეწარმისთვისაც, რომელსაც მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილების საფუძველზე მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოს შემსრულებლის სტატუსი მიენიჭა.

უბედური შემთხვევის შედეგად შრომისუუნაროდ დარჩენის ან გარდაცვალების შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურებას დაზღვეულ თანამშრომელზე ან მისი ოჯახის წევრზე გასცემს. ასანაზღაურებელი თანხა წინასწარ შეთანხმებული ლიმიტის შესაბამისად განისაზღვრება.

დამსაქმებელი ასევე ვალდებულია, დანიშნოს, ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. ის აგებს პასუხს, თუკი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო რაიმე ინციდენტი ან უბედური შემთხვევა მოხდება. აუცილებელია, უსაფრთხოების სპეციალისტს ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება და გააჩნდეს აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობა.

შრომის უსაფრთხოების კანონის თანახმად, 2018 წლის პირველი აგვისტოდან შრომის ინსპექტორს შეუძლია ობიექტზე შესამოწმებლად გაუფრთხილებლად მივიდეს. მანამდე ეს უფლება მას მხოლოდ კომპანიის ნებართვით ჰქონდა. ჯარიმების ოდენობა დარღვევების სიმძიმისა და საწარმოს სიდიდის მიხედვით განისაზღვრება და 100-დან 50 ათას ლარამდეა. კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, ინსპექციას სამუშაო პროცესის შეჩერების უფლებაც ეძლევა, თუმცა ამისთვის სასამართლო გადაწყვეტილებაა საჭირო.