2019 წლის დასაწყისიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.
საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით - 2%+2%+2%.
სისტემის სამი მონაწილე მხარე - მთავრობა, დამსაქმებელი და დასაქმებული ყოველთვიურად განახორციელებს 2%-იან შენატანს დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე, რაც საბოლოო ჯამში უტოლდება 6%-ს. მაგალითად, თუ თქვენი ხელფასი 1 000 ლარია, დამსაქმებელი საპენსიო ფონდში გადაიხდის 20 ლარს, თქვენ, ანუ დასაქმებული, ასევე - 20 ლარს და სახელმწიფოც -20 ლარს. ეს, საბოლოოდ, თვეში 60 ლარი გამოვა.
რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.
სისტემაში ჩართვა 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სავალდებულოა, 40 წლის შემდეგ კი - ნებაყოფლობითი.
ამასთან, საპენსიო რეფორმაში ჩართვა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისთვის.