ოქროსფერ 50-თეთრიანებს მხოლოდ ეროვნულ ბანკში გადაცვლით

2019 წლის პირველი იანვრიდან, 1995 წლის მიმოქცევის 50 თეთრის ნომინალის, ე.წ. ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტების გამოცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში არის შესაძლებელი.

ცნობისათვის, 2018 წლის ბოლომდე აღნიშნული მონეტების გამოცვლა შესაძლებელია როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში, ისე საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში (მისამართი: საკასო ცენტრი, კახეთის გზატკეცილი 72, თბილისი 0198).

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულმა მონეტებმა გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ აქვთ ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება.

1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტის, ე.წ. ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტის ავერსზე დატანილია - გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ ციფრი "50" და წარწერა – "თეთრი", რევერსზე - ბორჯღალი, ციფრები წარწერები: "საქართველოს რესპუბლიკა", "REPUBLIC OF GEORGIA".