გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა

”ასეთი ტენდენცია დიდხანს თუ გაგრძელდა, თბილისში დასაგირავებელი ფართი საერთოდ აღარ იქნება”

როგორც გაზეთი ”რეზონანსი წერს”, თბილისში ბინის გირაოზე მოთხოვნამ მოიმატა, მაგრამ ყველგან დასაგირავებელი ფართის დეფიციტია. დედაქალაქის მასშტაბით, მომხმარებელს ბინის დაგირავებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ არასახარბიელო ტენდენციის დიდი ხნით შენარჩუნება უძრავი ქონების ბაზარს დიდ დარტყმას მიაყენებს.

უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით, ბინები, ფაქტობრივად, არ გირავდება, რისი მიზეზიც უპრეცენდენტოდ მაღალი ფასია. სპეციალისტების განმარტებით, დასაგირავებელი და გასაყიდი ბინების ფასში სხვაობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ვისაც ფული აქვს, ყიდვას არჩევს, ხოლო შეღავათიან ფასში საცხოვრებელი ფართის დაგირავება წარმოუდგენელია.

გირაოს დეფიციტმა, თავის მხრივ, ბინების რეალიზაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რასაც ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს.

გარდა იმისა, რომ უძრავი ქონების ფასი მატულობს, ბაზარზე აშკარა გამოცოცხლებაა, რასაც სპეციალისტები ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას უკავშირებენ. სხვა მოტივი, რაც ბაზარზე ბინის ღირებულებისა და რეალიზაციის ზრდას გამოიწვევდა, ნაკლებადაა.

ბოლო მონაცემებით, 2014 წლის დასაწყისიდან უძრავი ქონების რეალიზაციის მაჩვენებელმა ზრდა დაიწყო და მარტის მდგომარეობით, ის 16%-ით განისაზღვრა.

შარშან წლის ბოლოს ბინის ქირა-გირაოსა და ასევე გაყიდვის მაჩვენებელი შემცირებული იყო. როგორც მყიდველები, ისე გამყიდველები მოლოდინის რეჟიმში იმყოფებოდნენ. მართალია, მას შემდეგ საქართველოში არაფერი შეცვლილა, მაგრამ 2014 წლის დასაწყისიდან ბინების რეალიზაციის მაჩვენებელმა კვლავ ზრდა დაიწყო.

უძრავი ქონების სფეროს ექსპერტის მზია თოლორდავას ინფორმაციით, გირაოს, თბილისის მასშტაბით, ძალიან დიდი ფასი ადევს, განსაკუთრებით, ცენტრალურ უბნებში, სადაც ერთოთახიანი ბინის დაგირავება 30 000 დოლარზე ნაკლებად წარმოუდგენელია. მისი შეფასებით, რამდენიმე წელიწადში, თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, თბილისში ბინის დაგირავება შეუძლებელი გახდება.

”ბინის დაგირავებაზე მოთხოვნა დიდია, მაგრამ დასაგირავებელი ბინა რეალურად არ არსებობს. ასეთი ტენდენცია უფრო მეტად თბილისის ცენტრალური უბნებისთვისაა დამახასიათებელი. მართალია, ეს პრობლემა გარეუბნებშიც არის, მაგრამ იქ ფართები ჯერ კიდევ არის, თუმცა დიდი ძალისხმევითაა მოსაპოვებელი.

მაგალითად, ვაკესა და საბურთალოს ტერიტორიაზე ერთოთახიანი ბინის დაგირავებას, შეიძლება, 30 000 დოლარი დასჭირდეს, რაც ძალიან ძვირია. რაც შეეხება 2-ოთახიან ბინას, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია, 50 000 დოლარად გირავდება. გარეუბნებშიც სხვაობა მაინცდამაინც დიდი არ არის, გლდანსა და ვარკეთილში ერთოთახიანი ბინები- 25 000-ად, ხოლო ოროთახიანი 30-35 000 დოლარად გირავდება.

ტენდენცია დიდი ხნის განმავლობაში თუ გაგრძელდება, თბილისში დასაგირავებელი ბინა საერთოდ აღარ იქნება, როგორც ეს ევროპული ქვეყნების უმეტესობისთვისაა დამახასიათებელი”, -აცხადებს თოლორდავა.

სოსო მოლაშვილი, სააგენტო ”ბესტ ფლათის” წარმომადგენელი ”ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მოთხოვნა უფრო იაფფასიან ბინებზეა შენარჩუნებული და, ძირითადად, გარეუბნებში, თითქმის სარეალიზაციო ფასად გირავდება. საერთოდ კი, მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დარღვეულია და რეალური შეთავაზება არ არის.

”თბილისის გარეუბნებში ერთოთახიანი ბინის დაგირავება 20 000 დოლარადაც ჭირს. მისი პოვნა მომხმარებლისთვის ძალიან რთულია. მე, როგორც სააგენტოს წარმომადგენელს, ბევრად მირჩევნია ერთდროულად ათი ბინის გაყიდვაზე მქონდეს შეკვეთა და გავისარჯო, ვიდრე ერთი მოთხოვნა გირაოზე, რომელიც შეიძლება, ვერც იშოვო. ამ მხრივ ქალაქში საშინელი დეფიციტია. ათასში ერთხელ მსგავს განცხადებებს სოციალურ ქსელებსა და პრესაში ბინის მფლობელები თავადვე ავრცელებენ, მაგრამ სააგენტოებამდე ვერ აღწევს.

გაცილებით ადვილადაა შესაძლებელი იტალიურ ეზოებში არსებული ფართების დაგირავება. მას უფრო სტუდენტები ითხოვენ, თუმცა საფასურმა ბოლო დროს აქაც მოიმატა. დღესდღეობით ბინებს მეპატრონეები ძალიან მაღალ ფასში აგირავებენ, რაც ქართული ბაზრისთვის უკვე ტენდენციადაც იქცა”, - აცხადებს სოსო მოლაშვილი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”