„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო“ ქართულ ბაზარზე არასაბანკო საქმიანობას დაიწყებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აზერბაიჯანულ ბანკს შესაბამისი თანხმობა უკვე მისცა. ამით ბანკის ლიკვიდაციის პროცესი დასრულდა, დაიხურა მისი ანგარიშები სებ-ში და საბანკო რეესტრიდანაც ამოიღეს. ამასთან დაკავშირებით „საკანონმდებლო მაცნეში“ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს“ ბაზრიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია 2018 წლის მარტში გავრცელდა. ბანკმა საქართველოს, ასევე რუსეთის ბაზრების დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სათაო ოფისს ფინანსური პრობლემები შეექმნა.
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი ქვეყნის მთავრობას ეკუთვნის. 2007 წლიდან აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოში “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს” სახელით ახორციელებს საბანკო საქმიანობას.