ამერიკა, გერმანია, ავსტრია და მალე უკვე საფრანგეთი - ვინ ეხმარება „გრეიფს“ უცხოეთის ბაზრებზე შესვლაში

ქართული წარმოების დაფასოებული თათარა გერმანიისა და ავსტრიის შემდეგ, უკვე აშშ-სა და პოლონეთის სუპერმარკეტებში იყიდება, სულ მალე კი საფრანგეთშიც გამოჩნდება.

როგორც კომპანია „გრეიფის“ დამფუძნებელი დავით რამაზაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, პროდუქციაზე მოთხოვნა იმდენად გაზრდილია, რომ მცირე წარმოებიდან, 2018 წელს უკვე საშუალო ზომის წარმოებაზე გადავიდნენ.

პროდუქციის საერთაშორისო წარმატებას კომპანიის ხელმძღვანელი საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულეებს უკავშირებს, რომელთა საშულებითაც უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია შედგა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ უცხოეთიდან დიდი მოთხოვნის გამო, მიმდინარე წელს, კომპანია „გრეიფმა “ პროდუქციის რაოდენობის გაზრდის მიზნით, 30%-იანი წილი გაასხვისა და 70 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ასევე რეინვესტირებისთვის იგეგმებოდა კიდევ 10%-იანი წილის გასხვისებაც, თუმცა როგორც დავით რამაზაშვილი განმარტავს, ამის საჭიროება აღარ არის და საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

ქართული წარმოების თათარა ბაზარზე 2016 წლის აპრილიდან გამოჩნდა. აქტიური გაყიდვები კი ამავე წლის ივნისიდან დაიწყო. კომპანია აწარმოებს თანამედროვე ფორმის ჩურჩხელას და თათარას, რომელიც სპეციალურ ყალიბებშია ჩამოსხმული და სხვადასხვა ფორმა აქვს მიცემული. ამ ეტაპზე, სულ ხუთი სხვადასხვა სახეობა და შეფუთვაა, თუმცა სპეციალურად აშშ-ის მოთხოვნით, კიდევ ერთი სახეობა - თათარა „ფისტაშკით“ (თხილეულის სახეობა) დაემატა.

როგორც დავით რამაზაშვილი ამბობს, აღნიშნული პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება, ხოლო ზაფხულიდან წარმოებას ე.წ ტყლაპის რამდენიმე სახეობაც დაემატება.

„სექტემბერში დავიწყეთ პროდუქციის გატანა პოლონეთში და ასევე აშშ-ში. პოლონეთის შემთხვევაში დამატებით პარტიას კიდევ გავუშვებთ, რაც შეეხება აშშ-ს, უკვე მეორე, საახალწლო პარტია გავუშვით. ამ ეტაპზე თათარა აშშ-ის 2 ქალაქში, ნიუ-იორკსა და ლას ვეგასში იყიდება, თუმცა სულ მალე ხელმისაწვდომი იქნება მაიამიში, ჩიკაგოსა და ლოს ანჯელესშიც. კომპანია, ვინც ჩვენი პროდუქციით დაინტერესდა, არის ამერიკული ძირითადად, სადისტრიბუციო კომპანია, რომლის ერთ-ერთი თანამშრომელი ქართველია და სწორედ მისი დახმარებთ მოხდა ჩვენი დაკავშირება. ასევე ქართველების, სხვათა შორის, მორაგბეების დახმარებით, სულ მალე ჩვენი პროდუქცია გავა საფრანგეთშიც, სადაც ერთ-ერთ დიდ ქსელთან, მოლაპარაკების რეჟიმში ვართ. საუბარია, დიდი პარტიის ექპორტზე. სავარაუდოდ, თებერვლიდან ფრანგულ ბაზარზეც შევალთ“,-აცხადებს დავით რამაზაშვილი.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, პროდუქციაზე მოთხოვნა ისედაც გაზრდილია. თუმცა, მას შემდეგ რაც იანვარში უცხოეთიდან რეგულარული შეკვეთებიც დაემატება, წარმოება მინიმუმ 4-ჯერ გაიზრდება.

„ახლა დღეში 200-300 კგ თათარას ვაწარმოებთ, მხოლოდ ამერიკისთვის კი მინიმუმ 1 ტონის წარმოებაზეა საუბარი. როგორც კი აღნიშნული შეკვეთები რეგულარული გახდება, გავზრდით საწარმოში თანაშრომლების რაოდენობასაც. დღეს დასაქმებული გვყავს 3 ადამიანი, მაგრამ დიდი შეკვეთების დროს, მუშა-ხელს ვიმატებთ. უკვე იანვრიდან მუდმივი თანამშრომლების რიცხვსაც, სავარაუდოდ, 5-7-მდე გავზრდით“,-აცხადებს დავით რამაზაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „გრეიფი“ გაფართოვების მიზნით, იჯარით აღებულ ახალ საწარმოში გადავიდა, რომელიც წერეთელზე მდებარეობს. თუმცა დავით რამაზაშვილის თქმით, პროდუქციაზე საექსპორტო მოთხოვნილება ისეთი ტემპით იზრდება, რომ სავარაუდოდ, 2019 წლის შემოდგომიდან კომპანიას საკუთარი საწარმო ექნება.

რაც შეეხება, ზოგადად, 2018 წლის შეჯამებას, „გრეიფის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მისი ბიზნესისთვის ერთმნიშვნელოვნად გარდამტეხი იყო.

„2018 წელი ჩვენთვის იყო გადამტეხი, რადგან მცირე წარმოებიდან გადავედით საშუალო ზომის წარმოებაზე. მართალია, ჯერ ბოლომდე სტაბილურად ვერ მუშაობს, მაგრამ უკვე მომავალი წლიდან სავარაუდოდ, საშუალო წარმოებაც დასტაბილურდება და გვექნება საშუალება, რომ გავხდეთ უკვე დიდი ზომის საწარმო“,-აცხადებს დავით რამაზაშვილი.

გასული წლის შეჯამებისას, „ბიზნესპრესნიუსმა“ კომპანია „გრეიფის“ ხელმძღვანელს პრობლემების შესახებაც ჰკითხა, რაზეც დავით რამაზაშვილი ადგილობრივი ნედლეულის სიმცირესა და სიძვირეს ასახელებს.

„პირადად ჩვენი საქმიანობისთვის პრობლემას წარმოადგენს ქართული ნედლეულის სიძვირე ან ხელმიუწვდომლობა. მაგალითად, წითელი ყურძნის წვენი საერთოდ არ არის ქართულ ბაზარზე. ამიტომ, ვისურვებდი, რომ ქართული ნედლეული უფრო აქტიურად და დიდი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი“,-აცხადებს დავით რამაზაშვილი.

ნინი ქეთელაური