საქართველოს დელეგაციამ ბიზნესის პასუხისმგებლობაზე გლობალურ ფორუმში მონაწილეობა მიიღო

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) ბიზნესის პასუხისმგებლობაზე პარიზში გლობალური ფორუმი გამართა.

ფორუმზე სპეციალური პანელი სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიას დაეთმო. ღონისძიებაზე განხილული იყო ბიზნესის პასუხისმგებლობა საქართველოსა და ყაზახეთში.

საქართველოს დელეგაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდა. ხოლო ბიზნესსექტორს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წარმოადგენდა.

ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ირინა კვახაძემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა ინსტრუმენტებს იყენებს დღეს კერძო სექტორი ბიზნესპასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად და რა გამოწვევების წინაშე დგას ის ამ მიმართულებით.

OECD-მ 2013 წელს დაიწყო პროექტი, რომლის მიზანი იყო შეესწავლა, ბიზნესის და მისი პასუხისმგებლობის როლი საქართველოსა და ყაზახეთში ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს შექმნაში. პროექტმა სათავე დაუდო OECD-ის სერიულ გამოცემას "ბიზნესპასუხისმგებლობა სხვადასხვა ქვეყანაში" და პირველ ჯერზე გამოცემები შეეხო საქართველოსა და ყაზახეთს. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ჩართულია ამ გამოცემის პირველად ვერსიაზე მუშაობაში კომენტარების მომზადების სახით. გარდა ამისა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თანამშრომლობს OECD-სთან კერძო სექტორთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც.