3 ბინა  წელიწადში და 1 მლნ დოლარზე მეტი საბანკო ანგარიშებზე - რა ქონებას ფლობს ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული ილია წულაია

საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია, რომელთა ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში ბიზნესიდან მოხვდა.

მათ შორის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია "არქი ჯგუფის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ილია წულაიაა. 2018 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის წევრობისას მისმა შემოსავალმა 2017 წლის განმავლობაში 54 000 ლარი შეადგინა.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, დეპუტატმა გასულ წელს დედაქალაქში 3 ბინა შეიძინა. ჯამში, უძრავი ქონების ყიდვა წულაიას 210 545 ამერიკული დოლარი დაუჯდა. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, დეპუტატი ფლობს 1 100 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 16.66%-ს წავკისში და თბილისში მდებარე 101 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართის 25%-იან წილს.

მასვე ეკუთვნის ROLEX-სა და HUBLOT-ის ფირმის 2 მაჯის საათი. თითოეული მათგანის ღირებულება 10 ათას ლარს აღემატება და ორივე საათი საჩუქრად აქვს მიღებული. რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე მას 9 596.4 ლარი; 1 102 361.25 დოლარი; 6 537 ევრო და 1363.15 გირვანქა სტერლინგი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 20 000 ლარი ჰქონდა. ამასთან, წულაია 30 კომპანიის დირექტორი და 31 კომპანიის მეწილეა, თუმცა, წილის მმართველად სხვა პირი ჰყავს დანიშნული.

გამონაკლისია, შპს „არქი დეველოპმენტი“, რომლის მართვაზე გაფორმებული მინდობილობაც დეკლარაციაში არ ფიქსირდება. ამ კომპანიის 59% ივლიანე წულაიას ეკუთვნის, მისი პარტნიორი კი შპს "არქი ინვესთმენთსია“, რომლის 33,34%-იან წილს ასევე წულაია ფლობს, თუმცა, აღნიშნულ კომპანიაში საკუთარი წილის მმართველობა სხვაზე აქვს გადაცემული.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, წულაიას გასავალმა ხელმოკლე ოჯახების დახმარების მიზნით - 220 000 ლარი; ხოლო პარტიაში შენატანის სახით 60 000 ლარი შეადგინა.

დეპუტატს მეუღლე და 3 შვილი ჰყავს. დეკლარაციის თანახმად, ილია წულაიას მეუღლეს ეკუთვნის 1 746 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში და 1 151.47 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი. მასვე ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 2 241,18 ლარი; 1 006 გირვანქა სტერლინგი; ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით 10 000 ლარი ჰქონდა. ამასთან, მისმა შემოსავალმა 2017 წლის იანვარ-სექტემბერში შპს „არქის“ PR მენეჯერის პოზიციაზე 16 8750 ლარი შეადგინა.