სამშენებლო სექტორში აქტივობა 28.5%-ით გაზრდილია

სამშენებლო სექტორში აქტივობა 28.5%-ით გაზრდილია.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა , რომელიც დღეს სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების მმართველებს შეხვდა.

შეხვედრაზე სამშენებლო სექტორში არსებული ვითარება და დარგის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები განიხილეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 13%-ითაა გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 28,5% - სწორედ სამშენებლო სექტორს უკავია, ასევე 21.0%-ით გაზრდილია ოპერაციები უძრავი ქონებით და იჯარით.

ფინანსთა მინისტრმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციები, ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლები, საგადასახადო შემოსავლების კუთხით 6 თვეში არსებული დინამიკა, საგარეო ვალის შემცირების მონაცემები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს წინადადებები და მოსაზრებები, თუ რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფო და კერძო ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო გააქტიურებისა და ამ მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ასევე საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისათვის.

"სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს გავაცანით მაკროეკონომიკური პარამეტრები. მნიშვნელოვანია, რომ 6 თვეში 103%-ით შესრულებულია საგადასახადო შემოსავლების გეგმა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 250 მლნ ლარზე მეტია მობილიზებული. ბუნებრივია, სამშენებლო სექტორში არსებობს პრობლემები, რომელზეც დღეს ღიად ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მუშაობა პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც ამ დარგს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის" - განაცხადა ნოდარ ხადურმა.