ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანიას Wucher Helikopter Gmbh ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა.
ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, ავსტრიული კომპანია Wucher Helikopter Gmbh მიმდინარე წლის 15 იანვრიდან 15 აპრილამდე გუდაურის, მესტიისა და გოდერძის საკურორტო ზონებში განახორციელებს ოპერირებას.
„კომპანია Wucher Helikopter Gmbh 3 ერთეული AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით Heli-skiing ტურებს მოემსახურება, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. ნებართვა Wucher Helikopter Gmbh“-ზე, რომელიც საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში 2013 წლიდან ოპერირებს, 2019 წლის 4 იანვარს გაიცა.
ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).
კომპანიის ოპერირება ხელს შეუწყობს უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს სათხილამურო კურორტებზე და უზრუნველყოფს ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.
ქართული კომპანიებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე იგივე საქმიანობის განხორციელება დაშვებულია გამარტივებული პირობებით - ოპერირების დაწყებამდე ფრენის გეგმის (Flight Plan) მიწოდებით შპს „საქაერონავიგაციისთვის,“ - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.