მთავრობა ერგნეთის ბაზრობის ალტერნატივაზე მუშაობს

სავაჭრო ურთიერთობები აქტუალური ოკუპირებულ ტერიტორიებთანაც გახდება.

როგორც ცნობილია, მთავრობა წინა ხელისუფლების მიერ გაუქმებულ ე.წ ერგნეთის ბაზრობის ალტერნატიულ ვარიანტზე მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრები არა მხოლოდ ქვემო ქართლში, არამედ ზუგდიდშიც აშენდება.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, გამყოფ ხაზთან თავისუფალი ეკონომიკური ზონები შეიქმნება. ”ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენს ტერიტორიაზე შეიქმნას თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს ინვესტიციები ნებისმიერი მიმართულებით”, -აცხადებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი.

ამ თემასთან დაკავშირებით  bpn.ge ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში, ირაკლი ლექვინაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკურ ეფექტებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან ერგნეთის ბაზრობის ალტერნატივის შექმნა იდეის დონეზე არსებობს.

როგორც ლექვინაძე ამბობს, ეგრნეთის ბაზრობა იმ სახით, როგორითაც აქამდე არსებობდა, არ აღდგება. ”ეს იქნება აბსოლუტურად განსხვავებული იმ ქაოტური ბაზრისგან, რომელიც არსებობდა. ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიქმნება ე.წ თავისუფალი სავაჭო სივრცე, სადაც ვაჭრობის შესაძლებლობა ადგილობრივებს მიეცემათ. რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტებს, პროგნოზები ნაადრევია, დაველოდოთ პროექტის წარდგენას”,- აცხადებს ლექვინაძე.

მისივე თქმით, ეს უფრო პოლიტიკური საკითხია, ვიდრე ეკონომიკურ ეფექტებზე გათვლილი იდეა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე აღნიშნა, რომ ერგნეთის ბაზრობის დახურვა შეცდომა იყო და მაშინვე მის შესაძლო აღდგენაზე ალაპარაკდა. მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა კი მაშინვე დაუწუნეს იდეა და შეახსენეს, რომ ერგნეთის ბაზრობა არც პოლიტიკურ და არც ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი არ ყოფილა და იქიდან საქართველოში ძირითადად დაუბეგრავი და აღურიცხავი საქონელი შემოდიოდა.

სხვათა შორის, ერგნეთის თემას "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვი ერთ-ერთ პირველ ინტერვიუშიც შეეხო და თქვა, რომ ერგნეთის ბაზრობის განახლება ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენის საწყის ნაბიჯად უნდა იქცეს. სოციალურ და პოლიტიკურ საბაბს ხედავენ ერგნეთის ეკონომიკური ზონის იდეაში ადგილობრივი ექსპერტებიც და ამბობენ, რომ პროექტს ეკონომიკური სარგებლობის მოტანის შანსი ფაქტობრივად არ აქვს.