ამერიკული კომპანია Amazon-ი საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით ისევ Microsoft-ზე წინ აღმოჩნდა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა.
ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, Amazon-ის აქციებზე ფასი 3,4%-ით გაიზარდა და მისმა კაპიტალიზაციამ 797 მილიარდი დოლარი შეადგინა მაშინ, როცა Microsoft-ის აქციებზე ფასი მხოლოდ 0,1%-ით გაიზარდა და მისი კაპიტალიზაცია 789 მილიარდი დოლარია.
მესამე ადგილზე კაპიტალიზაციის თვალსაზრისით ჰოლდინგი Alphabet-ია, სადაც შედის Google და მისი კაპიტალიზაცია 745 მილიარდ დოლარს შეადგენს, მეოთხეზე კი Apple 702 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციით. Apple-ის აქციებზე ფასი მიმდინარე წელს ვარდნას განაგრძობს. ამის მიზეზი კი კომპანიის მიერ ფინანსური კვარტლის შემოსავლების პროგნოზის დაწევა გახდა. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე კომპანიის კაპიტალიზაცია 700 მილიარდს ჩამოსცდა. არადა გასული წლის აგვისტოში კომპანია გახდა პირველი მსოფლიოში, რომლის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. რაც შეხება Amazon-ს მან საბაზრო კაპიტალიზაციის კუთხით Microsoft-ს პირველად 2018 წლის თებერვალში აჯობა, მეორედ კი დეკემბერში.