სესხის გამცემ სუბიექტებს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვადა გაუხანგრძლივდათ

სესხის გამცემ სუბიექტებს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვადა გაუხანგრძლივდათ.

აღნიშნულის შესახებ, ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის ბრძანება 4 იანვარს გამოქვეყნდა. კერძოდ, ამ ბრძანების თანახმად, სუბიექტებს სებ-ში სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის წარდგენა 1-ლი იანვრიდან 30 აპრილამდე შეეძლებათ. მაშინ როცა, თავდაპირველი ვერსიის თანახმად, აღნიშნული ვადა მათ 31 მარტამდე ჰქონდათ.

„სესხის გამცემ სუბიექტს სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის ეროვნულ ბანკში წარდგენის შემდეგ შეუძლია განახორციელოს სესხის გაცემასთან/დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციები ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე. სესხის გამცემ სუბიექტს, რომელიც სარეგისტრაციო დოკუმენტებს/ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ ბანკში ზემოაღნიშნულ ვადაში არ წარადგენს, 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ექნება მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება,“-აღნიშნულია ბრძანებაში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან სესხის გამცემი პირი, რომელიც 20-ზე მეტ პირზე გასცემს სესხს, ვალდებულია ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდეს. სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებელი 10 000 ლარია.

თაია არდოტელი