პირველი იანვრიდან დღემდე, თბილისში, თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა და დაჯარიმდა 9 დამრღვევი სამასპინძლო დაწესებულება, - ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ დაწესებულებას უკვე მეორედ დაეკისრა ჯარიმის გადახდა.
„2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, თბილისში, თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა და დაჯარიმდა 9 დამრღვევი სამასპინძლო დაწესებულება: "მარანი", "ჰუკა", "მოეტი", "ბლუმი", "კორა", "ალადინი", "ორანჟერეა", "საჰარა", ბლექ ბული". ჩამოთვლილი რესტორნები განლაგებულია ცინცაძის, აღმაშენებლის, გრიშაშვილის, შარდენის, მოსაშვილის და მარჯანიშვილის ქუჩებზე. დახურულ სივრცეში თამბაქოს ნაწარმის და ჩილიმის მოხმარება დაფიქსირდა, ასევე, არ ჰქონდათ თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნები. აღნიშნულ ობიექტებში რიგითი მოქალაქეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მივედით და როგორც მონიტორინგის ჯგუფის, ასევე საპატრულო პოლიციის მიერ დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტები დადასტურდა. მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე “კორა“ უკვე მესამედ დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ჯერზე ჯარიმა 500 ლარის ოდენობით არის, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარს შეადგენს, ყოველ შემდგომ ჯერზე კიდევ 1000-1000 ლარი ემატება. ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „ლაუნჯი ბარს“ „ჰუკას“ მეორედ დაეკისრა ჯარიმის გადახდა.
აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვას მდედრობითი სქესის წარმომადგენლები (განურჩევლად ასაკისა) არ ემორჩილებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.