BMW-მ 2018 წელს 2.49 მილიონი ავტომობილი გაყიდა

„ბეემვემ“ გამოაცხადა, რომ გასულ წელს მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა - „ბეემვემ“, „მინიმ“ და „როლს-როისმა“, ჯამში 2.49 მილიონი ავტომობილი გაყიდეს, რაც ჯგუფის რეკორდული მაჩვენებელია.

„BMW-ს ჯგუფმა 2018 წელი რეკორდული გაყიდვებით დაასრულა - 2.49 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რაც ნიშნავს, რომ BMW-ს ჯგუფი ზედიზედ მე-15 წელია, პრემიუმ ავტომწარმოებელთა შორის, მსოფლიო ლიდერობას ინარჩუნებს“, - ნათქვამია ჯგუფის მთავარი აღმასრულებლის, ჰარალდ კრიუგერის განცხადებაში.

რაც შეეხება ცალკეულ ბრენდებს, ამ მხრივ პრემიუმ სეგმენტის ლიდერის პოზიციისთვის, ბავარიულ კომპანიას კონკურენციას მეზობელი „დაიმლერი“ და მისი „მერსედეს-ბენცი“ უწევს, რომელსაც თავისი შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია. ამდენად, ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, შეძლო თუ არა „ბეემვემ“ შტუტგარტული კომპანიის უკან ჩამოტოვება.

„მერსედეს-ბენცი“ 2017 წელს გაყიდვებში ლიდერი იყო ბრენდებს შორის, თუმცა ბავარიელები თავიანთ ბრიტანულ კომპანიებთან, „მინისთან“ და „როლს-როისთან“ ერთად, სამქიმიანებს სჯობდნენ. მესამე ადგილი კი „აუდის“ ეკავა.