რა უნდა ვიცოდეთ მარჯვენასაჭიანი ავტომობილის ტექინსპექტირებისას

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი.

ამის შესახებ ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვაჟა იორდანიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ტექინსპექტირების ვალდებულება ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის ამოქმედდა და ბოლო ვადად მანქანის რეგისტრაციის თვე და თარიღი განისაზღვრა. შესაბამისად, ვისი ავტომობილის რეგისტრაციის თარიღიც იანვრის პირველ ნახევარს ემთხვევა, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს მიაშურა.

როგორც რამდენიმე მოქალაქემ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, გაზრდილი მოთხოვნის გამო ინსპექტირების ცენტრებში რიგებია და მათ დილიდან საღამომდეც კი უწევთ ლოდინი. ასოციაციაში კი ამბობენ, რომ ინსპექტირების ცენტრებში ავტომობილების მოცდის დრო 25-30 წუთს არ აღემატება. კიდევ ერთი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მოქალაქეები გარკვეულ პრობლემას აწყდებიან, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

ერთ-ერთი მოთხოვნის თანახმად, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მაშუქი ფარების დარეგულირება უნდა მოხდეს, რადგან განათების კუთხე შემხვედრი ავტომობილის მძღოლს მხედველობას უზღუდავს. როგორც აღმოჩნდა, ამისთვის ფარების შეცვლის გარდა, კიდევ ერთი გამოსავალი არსებობს - სტიკერების დაკვრა ფარებზე. თუმცა, მოქალაქეები გარკვეულ პრობლემებს ამ მიმართულებითაც აწყდებიან. მათი ცნობით, რთულია დედაქალაქის მასშტაბით, ისეთი ავტოსერვისის მოძებნა სადაც მსგავს მომსახურებას გაგიწევენ და ამასთან, სტიკერების მოშორება ისევე მარტივად არის შესაძლებელი, როგორც მისი დაკვრა ფარზე და შესაძლოა ტექინსპექტირების გავლისთვის აუცილებელი სტიკერი მაშუქ ფარს ავტომობილის რეცხვის დროსაც კი მოძვრეს.

„მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მაშუქი ფარების რეგულირებას რაც შეეხება, შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არსებობს უკვე ავტოსერვისები, სადაც ამ სახის მომსახურებას გაუწევენ მძღოლებს. მართალია, ნათების კუთხის შეზღუდვისთვის მოქალაქეებს სტიკერების გამოყენებაც შეუძლია, თუმცა ეს შესაძლებლობაც დროებითია და მხოლოდ 2020 წლამდე მოქმედებს. მომავალი წლიდან კი მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის სავალდებულო ხდება მაშუქ ფარებში ნათების კუთხის კონსტრუქციული ცვლილება მოახდინონ, ან ახალი მაშუქი ფარები შეიძინონ,“ - განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა გადაცემა „საქმეში“.

თაია არდოტელი