„რეზონანსი" - ტურისტებისთვის გადასახადი საქართველოშიც უნდა დაწესდეს

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დიდ ნაწილში არსებობს ტურისტული მოსაკრებელი და იქ, სადაც ჯერ არ ამოქმედებულა, ახლა იღებენ.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ბოლოს გადასახადი იაპონიამ აამოქმედა და ის 9.2 დოლარს შეადგენს. საქართველოში მსგავსი სისტემის ამოქმედება ჯერჯერობით არ იგეგმება, არადა, მოსაკრებელი 3 დოლარის ოდენობითაც კი ქვეყნის ბიუჯეტში 25 მლნ-ზე მეტი ლარის მოზიდვას შეძლებდა.

ტურისტული მოსაკრებელი არსებობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და აზიაშიც. ინიციატივა ახალი გადასახადის შემოღების შესახებ 2016 წელს „ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრ ბექა ოდიშარიას ეკუთვნოდა, თუმცა იმდროინდელმა ეკონომიკის მინისტრმა და სამთავრობო გუნდმა ეს თემა არც კი განიხილა.

ამასობაში, 2019 წლიდან ახალ ტურისტულ გადასახადს აწესებენ (ან ზრდიან) სხვადასხვა ქვეყანაში. დეკემბრის ბოლოს ასეთი გადაწყვეტილება მიიღო თურქეთის მთავრობამ, ხოლო 7 იანვრიდან მას მხარი იაპონიამაც აუბა. ამომავალი მზის ქვეყანაში გადასახადით დაბეგრავენ ყველას, როგორც სტუმრებს, ასევე იაპონიის მოქალაქეებსაც, რომლებიც სამოგზაუროდ მიდიან. თანხის გადახდა მხოლოდ მათ არ მოუწევთ, ვინც ქვეყანაში ტრანზიტული მიზნითაა და იაპონიაში 24 საათზე მეტს არ დაფყოფს. ყველამ, განურჩევლად იმისა, რითი მგზავრობს – მანქანით, თვითმფრინავით თუ გემით, საზღვარზე 1000 იენი (9.2 დოლარი) უნდა გადაიხადოს.

თუმცა გადასახადის გადახდა ყველას ერთნაირი ტარიფით არ მოუწევს და ის ბილეთის ფასზე იქნება დამოკიდებული. იაპონიის ხელისუფლების გათვლებით, ახალი გადასახადი 2019 წელს ქვეყნის ბიუჯეტს 50 მლრდ იენს (460 მლნ დოლარს) შეჰმატებს.

„რეზონანსი" მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატს დაუკავშირდა და დაინტერესდა, კვლავ განიხილება თუ არა საქართველოში ტურისტული მოსაკრებლის დაწესების საკითხი. ბექა ოდიშარია ამბობს, რომ ჯერ თავად არის კვლევის პროცესში და თუ დარწმუნდება, რომ საქართველოს ტიპის ქვეყანაში ეს გადასახადი ეფექტური იქნება, საკითხს პარლამენტსაც გააცნობს.

„მოსაკრებლის დაწესების სურვილი კვლავ არსებობს, თუმცა მმართველ გუნდში განსახილველად ეს საკითხი ჯერჯერობით არ გამიტანია, რადგან მე თვითონ ვარ შესწავლის ეტაპზე როგორც პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის მეშვეობით, ისევე პირადი არხებით, რამდენად უპრიანი იქნება მოსაკრებლის დაწესება ჩვენი ტიპის ქვეყნისათვის.

მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ტურისტული მიმართულებაა საქართველოსთვის. ერთი მხრივ, ამით მაქსიმალური სარგებელი უნდა ნახოს ქვეყანამ, მეორე მხრივ კი არ უნდა შეფერხდეს და შეიზღუდოს მზარდი ნაკადი. ეს მოსაკრებელი და არა გადასახადი, არ შეეხება საქართველოს მოქალაქეებს და საუბარია გარედან შემომსვლელ ვიზიტორებზე.

მას შემდეგ, რაც დავასრულებ კვლევის ეტაპს და თავად დავრწმუნდები საკითხის მართებულობაში, მას განვიხილავ როგორც პარლამენტის, ისევე მთავრობის მმართველი გუნდის წინაშე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადმინისტრირებაა. თავისთავად მოსაკრებლის დაწესება მარტივია, მაგრამ შემდგომი განხორციელება უფრო ძნელია. დასათვლელია, რა იქნება აქედან სარგებელი პირველ ეტაპზე დედაქალაქისათვის და შემდეგ - მთელი საქართველოსთვისაც.

აქვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს მოსაკრებელი არსებობს", - განუცხადა „რეზონანს" ოდიშარიამ.

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ნიკო კვარაცხელიაც ადასტურებს, რომ საერთაშორისო მასშტაბით საქალაქო ტურიზმისათვის თითქმის ყველა დედაქალაქს აქვს მოსაკრებელი დაწესებული. მაგალითად, ბერლინში ეს არის 2 პროცენტი, რომელსაც სასტუმროებში იხდიან. ამიტომ, ტურიზმისათვის ეს ფორმა უცხო არ არის. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზედმეტი გადასახადი განსაკუთრებით „ეკონომ ტურისტებს" არ უყვართ.

„გადასახადის დაწესება თავისთავად მიუღებელი არ არის, მით უფრო იმ ფონზე, როცა ევროპის ძალიან ბევრ დედაქალაქს მსგავსი გადასახადი აქვს და ის ხშირ შემთხვევაში მზარდიც კია. როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, უნდა განისაზღვროს, ეს ხელს შეუშლის თუ არა ტურისტულ ნაკადს იმ დროს, როცა შემომსვლელი ტურისტების დიდი ნაწილი ეკონომტურებიდანაა, მათ კი, მერწმუნეთ, ნამდვილად არ ხიბლავთ ზედმეტი, თუნდაც მცირე გადასახადები.

ზოგადად ასეა, ტურისტს უყვარს ადგილები, სადაც ნაკლები ბიუროკრატია და მოსაკრებელია.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ეს გადასახადი დაწესდება, ძალიან კარგი იქნება, კონკრეტულად განისაზღვროს, თუ რას უნდა მოხმარდეს ის. მოგეხსენებათ, თანხა ჯერ ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის და შემდეგ ნაწილდება. ამიტომ თავიდანვე უნდა იყოს განსაზღვრული, რას მოხმარდება. სასურველია, რომ ის კვლავ ამ დარგისა და მომსახურების განვითარებაში დაიხარჯოს, რაც ნამდვილად საჭიროა", - აცხადებს „რეზონანსთან" კვარაცხელია.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი „რეზონანსი"