პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის შესწავლის ფაქტთან დაკავშირებით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, უწყებას „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. თუმცა, საგამოძიებო ორგანოში საქმის გარშემო დეტალებს არ აკონკრეტებენ.
„ბიზნესპრესნიუსი“ პროკურატურის მიერ გამოთხოვილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, ხაზარაძის განცხადებას გთავაზობთ:
„რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:
• არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისფულების დროს;
• არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;
• ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია. „თიბისი ბანკი“ ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს „თიბისი ბანკის“, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად,“-ნათქვამია განცხადებაში.