მაია ფანჯიკიძე : ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას საკუთარი ბაზარი, მათ შორის საქართველომაც

ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას საკუთარი ბაზარი, მათ შორის საქართველომაც.

ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი თავისი ბაზრის დამცავ ზომებს მიიღებს, თუ უკრაინისა და საქართველოს პარლამენტები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენენ.

ფანჯიკიძის განცხადებით, იმისათვის, რომ საკუთარი ბაზრის დაცვის პირობებში მაინც არსებობდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, არსებობს ხელშეკრულებები.

"არსებობს სწორედ ამ ურთიერთობების სხვადასხვა რეჟიმი, არსებობს კონსულტაციები, რომელიც დავიწყეთ რუსეთის მხარესთან იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის განვითარდს ისევე კარგად, როგორც დაიწყო დაახლოებით ერთი წლის წინ", -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ამასთან, რუსეთი თავისი ბაზრის დამცავ ზომებს მიიღებს, თუ უკრაინისა და საქართველოს პარლამენტები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცრებას მოახდენენ. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ვიცე-პრემიერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ზომების მოცულობა მიახლოებული იქნება იმ ზომებთან, რომლის მიღებაც მოლდოვასთან მიმართებაშია დაგეგმილი.