ნიუ-იორკის ერთ-ერთი სიმბოლო Chrysler Building გაიყიდება

მანჰეტენზე მდებარე ისტორიული ცათამბჯენი Chrysler Building იყიდება, მისი შენახვისთვის საჭირო მაღალი დანახარჯებისა და სხვა ცათამბჯენების მხრიდან მწვავე კონკურენციის გამო.

ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ცათამბჯენის მფლობელებმა „აბუ-დაბის სახელმწიფო ფონდმა“ და ნიუ-იორკის სამშენებლო კომპანია „ტიშმან სპეიერ პროპერტიმ“ მიმართეს გაყიდვების მწარმოებელ კომპანიას, რათა მოხდეს „კრაისლერი ბილდინგის“ გასაყიდად მომზადება.

გამოცემის ცნობით, „აბუ დაბის სახელმწიფო ფონდმა“ შენობის აქციები 2008 წელს შეიძინა 800 მილიონ დოლარად და ახლა მის კუთვნილებაშია აქციების 90%. The Wall Street Journal აღნიშნავს, რომ შენობის ახალი მფლობელები შესაძლოა, პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, რაც შენობის შენახვის მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

მაგალითისთვის, „ტიშმან სპეიერ პროპერტიმ“ მის განახლებაზე 1997 წელს 100 მილიონი დახარჯა. სხვა სირთულეებს შორის სახელდება ქირის გაზრდილი საფასური. 2017 წელს შენობის მფლობელები კოლეჯ „კუპერ უინიონს“, რომელსაც შენობის ქვეშ არსებული მიწა ეკუთვნის 7,75 მილიონს უხდიდნენ, თუმცა წელს უკვე ფასმა აიწია და ქირამ 32,5 მილიონი შეადგინა. მოსალოდნელია, რომ შენობის მფლობელებს უკვე 2028 წლისთვის წლიურად 41 მილიონის გადახდა მოუწევთ.

კომპანიამ Chrysler Corporation ცათამბჯენი Chrysler Building 1930 წლის 27 მაისს მანჰეტენის აღმოსავლეთ ნაწილში დემონსტრაციულად გახსნა. ის გახდა პირველი შენობა მსოფლიოში, რომელიც სიმაღლეში აღემატებოდა პარიზის ეიფელის კოშკს და რჩებოდა მსოფლიოს უმაღლეს შენობად 1931 წლამდე, სანამ არ გაიხსნა Empire State Building.

კოკა კვირკველია