ჯეფ ბეზოსის და მისი მეუღლის განქორწინება შესაძლოა ყველაზე ძვირად ღირებული გახდეს

ამერიკაში კომპანია Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა და მისმა მეუღლემ, მაკენზი ბეზოსმა 25 წელი ქორწინებაში ყოფნის შემდეგ განქორწინება გადაწყვიტეს.

განქორწინების შემდეგ კი მაკენზი ბეზოსი შესაძლოა, გახდეს მსოფლიოში ყველაზე უზრუნველყოფილი ქალი. მათ მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში წყვილი ირწმუნება, რომ „ისინი მეგობრებად დარჩებიან“.

„ამაზონის“ დაარსებამდე ერთი წლით ადრე, 1993 წელს დაქორწინებული წყვილი შტატ ვაშინგტონში ცხოვრობს, რომლის კანონების თანახმად თანაქორწინებაში შეძენილი ქონება თანაბრად ნაწილდება წყვილზე. ტელეკომპანია CNBC აღნიშნავს, რომ მაკენზი ბეზოსს შეუძლია პრეტენზია გამოაცხადოს მათი ქონების ნახევარზე. აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსის ქონება მის ხელთ არსებული აქტივების საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით 137 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამ დროისთვის ამერიკის განქორწინებების ისტორიაში, ყველაზე ძვირად ღირებულად ითვლება ლას ვეგასის რამდენიმე კაზინოს მფლობელის, სტივენ ვინისა და მისი მეუღლის, ელენ ვინის განქორწინება 2010 წელს, რა დროსაც ქმარმა ყოფილ ცოლს 1 მილიარდი დოლარი გადაუხადა. მაკენზი ბეზოსი კი განქორწინების შემდეგ, თუ თუნდაც 1%-ს მიიღებს მეუღლის სახელზე არსებული აქტივებიდან, ეს განქორწინება გახდება ამერიკის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული.

კოკა კვირკველია