შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2018 წლის პირველი აგვისტოდან დღემდე გაზრდილი მანდატის ფარგლებში 87 ობიექტი შეამოწმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მათგანს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი ,,გაფრთხილება", და განესაზღვრა გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის განმარტებით, აღნიშნულ ობიექტებიდან 11-ზე რეინსპექტირება ჩატარდა. შედეგად გამოვლინდა, რომ ექვსმა სრულად გამოასწორა დარღვევები, ხოლო ხუთი კომპანია, დარღვევების არგამოსწორების გამო 2000-დან - 5000 ლარამდე დაჯარიმდა. ამასთან, აღნიშნულ კომპანიებს მიეცათ შემჭიდროვებული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად.
„რაც შეეხება დარღვევებს, ძირითადად დარღვევები არის იდენტური. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ, რომ უნდა მოხდეს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა. ეს არის უწყვეტი პროცესი, რაც მოიცავს რისკის გაანალიზებას და იმ საფრთხეების განსაზღვრას თუ რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს. ასევე გვაქვს მითითებები ვიბრაციის, მიკროკლიმატის და სხვა პარამეტრების გაზომვაზე.“-განაცხადა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.