სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად ევროკავშირი 4.5 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ხელშეკრულების ფარგლებში სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად ახალი ზომები იქნება მიღებული.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, ევროკავშირი გამოყოფს გრანტს 4.5 მილიონი ევროს ოდენობით სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის ორი წლის განმავლობაში ახალი პროცედურების მისაღებად.

მიმდინარე წლის 2 ივლისს ევროკავშირმა და საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (NFA) ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას სურსათის უვნებლობის ახალი ზომებისათვის. გრანტი მიზნად ისახავს საქართველოში ევროკავშირის სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან დაახლოებული ეფექტური სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის (SPS) მართვის სისტემის ჩამოყალიბებას. საგრანტო დაფინანსების მეშვეობით სააგენტო განახორციელებს რიგ ღონისძიებებს, კერძოდ: შეიქმნება ახალი სასწავლო მოდულები სურსათის უვნებლობის ინსპექტორების, ვეტერინარების, მცენარეთა დაცვის ექსპერტებისა და სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს სხვა თანამშრომლებისათვის; დაინერგება თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელთა შორის აღსანიშნავია ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემა, დაავადებათა ზედამხედველობის სისტემები და სურსათის უვნებლობის რისკის ანალიზის საინფორმაციო ტექნოლოგიები. გრანტი ასევე ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ქსელს უფრო საიმედო ანალიზის უზრუნველყოფაში.

გარდა ამისა, საქართველოს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაცია, რომელიც პასუხისმგებელია საზღვრების სანიტარულ და ფიტოსანიტარულ (SPS) კონტროლზე, ტექნიკური კონსულტაციებისა და ტრენინგების პირდაპირი ბენეფიციარი იქნება. ქართული და ევროპული სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიის ექსპერტები, ასევე იურისტები, ასევე ერთად იმუშავებენ, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიის სისტემების დაახლოებას ევროკავშირის სისტემებთან. მოსალოდნელია, რომ ყველა ეს ქმედება ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიის საკითხებზე, განსაკუთრებით მომხმარებლებს, ფერმერებს, რეალიზატორებსა და გადამამუშავებელი სექტორის წარმომადგენლებს შორის.