„რეზონანსი" - ფოსტა გაძვირდა და ტარიფები კიდევ მოიმატებს

სხვა პროდუქტებსა და მომსახურებასთან ერთად, 2019 წელს საქართველო გაძვირებული საფოსტო ტარიფებითაც შეხვდა.

მომხმარებლები აღშფოთებულნი არიან, რადგან ზოგიერთ სერვისზე ფასი 4-ჯერ გაიზარდა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, წელს ფოსტის პრივატიზება იგეგმება, რამდენადაც სახელმწიფო კომპანია დღეს წამგებიან ბიზნესთა შორისაა, სავარაუდოა, რომ, გასხვისების შემდეგ, ტარიფები კიდევ მოიმატებს.

„საქართველოს ფოსტის" მომსახურების საფასური იმ დროს გაძვირდა, როცა საწვავის ფასმა როგორც მსოფლიო, ასევე ადგილობრივ ბაზარზეც დაიკლო და ტენდენციას შეუქცევადი ხასიათი აქვს.

„საქართველოს ფოსტაში" ტარიფების მატებას ადასტურებენ. მიზეზად მომხმარებლის მომსახურებისა და საფოსტო საოპერაციო პროცესების მაღალი სტანდარტების დანერგვას ასახელებენ. რამდენად მოხერხდება მოკლე ვადაში ეს ყველაფერი, ძნელი სათქმელია, მაგრამ ხალხს იანვრიდან გაძვირებული სერვისი შერჩა ხელთ.

„საქართველოს ფოსტამ" უმნიშვნელოდ მოახდინა ფასთა კორექტირება საფოსტო პროდუქტებზე, რაც განპირობებულია მომხმარებლის მომსახურებისა და საფოსტო საოპერაციო პროცესების მაღალი სტანდარტების დანერგვით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფოსტა ითვალისწინებს მის პასუხისმგებლობას მომხმარებელთა მიმართ და ინარჩუნებს ყველაზე დაბალი ფასის პოლიტიკას კონკურენტებთან მიმართებაში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საფოსტო პროდუქტების მიმართულებით. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, „საქართველოს ფოსტა" აძლევს საშუალებას, ისარგებლოს საერთაშორისო სტანდარტის სერვისებითა და ყველა იმ საფოსტო პროდუქტით, რომლითაც სარგებლობენ ევროპის წამყვანი ქვეყნების მოქალაქეები.

„საქართველოს ფოსტა" გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე - სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით ფოსტის 82 სერვისცენტრი ფუნქციობს. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს", - აცხადებენ „საქართველოს ფოსტაში".

2019 წელს „საქართველოს ფოსტის" გასხვისება იგეგმება. ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ კერძო კომპანია, რომელიც შეისყიდის ფოსტის ვალდებულებებს, პასუხისმგებლობას აიღებს უნივერსალურ მომსახურებაზეც.

„კომპანია, რომელიც შეიძენს „საქართველოს ფოსტას", ვალდებულებას აიღებს ე. წ. უნივერსალურ მომსახურებაზეც. აქ იგულისხმება ის, რომ წერილი უნდა მიაწოდოს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. იქნება ღია აუქციონი, დასახელდება პირობები, სადაც შემოვლენ კომპანიები. მათ უნდა ჰქონდეთ სათანადო კვალიფიკაციაც. "საქართველოს ფოსტის" პრივატიზაცია 2019 წელს იგეგმება", - აცხადებს ქობულია.

უცნობია, არის თუ არა კავშირში პრივატიზებასთან ის, რომ ფოსტაში ფასები უკვე გაიზარდა. საფოსტო გზავნილები გაძვირდა და თუ აქამდე 3 ლარი იყო 5 კგ-მდე, ახლა 2 კგ-მდე 8 ლარი გახდა. ფოსტის გაძვირებასა და ტარიფების კონკრეტულ ზრდაზე საუბრობს ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი.

„20 ლარით მოიმატა პენსიამ და 0.014 თეთრით გაიაფდა გაზის ტარიფი! სამაგიეროდ, იანვრიდან: 2 პროცენტი ყველა დამსაქმებელს ყველა დასაქმებულის ხელფასისათვის, პური გაძვირდა; სიგარეტი გაძვირდა; საფოსტო გზავნილები გაძვირდა და თუ აქამდე 3 ლარი იყო 5 კილომდე, ახლა 2 კილომდე 8 ლარი გახდა. სხვაც ყველაფერი გაძვირდა!" - აღნიშნავს კურდღელაშვილი.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაციის პროცესს მიესალმება და ამბობს, რომ ამ ვითარებაში „საქართველოს ფოსტის" გასხვისება მართებული ნაბიჯია, მომსახურების გაძვირების მიზეზი კი ფოსტის მონოპოლიური მდგომარეობაა.

„როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც პრაქტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფო ცუდი მენეჯერია. ბიზნესი სახელმწიფომ არ უნდა მართოს. დღეს სახელმწიფო მფლობელობაშია რამდენიმე ასეული საწარმო და კომპანია, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დიდ წაგებაზე მუშაობს. მიუხედავად ამისა, მათი ხელმძღვანელები მუდმივად იღებენ პრემიებსა და მაღალ ხელფასებს. რის საფუძველზე ხდება ეს ყველაფერი, გაუგებარია.

ფაქტია, ეს ორგანიზაციები აწევს სახელმწიფო ბიუჯეტს კისერზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ ერიდებიან პრემია-დანამატების აღებას. ამიტომ ამ მხრივ კერძო ხელში ფოსტის გადასვლა, რასაკვირველია, ბევრად უკეთესია. მათი ამოცანა საწარმოდან მოგების მიღებაა, რაც შემდგომში აისახება ციფრებში. ეს მოაგვარებს რამდენიმე პრობლემას: პირველი - ნეიტრალდება ბიუჯეტზე ჩამოკიდებული საზოგადოება, ეს ორგანიზაციები იწყებენ გაჯანსაღებას არა ბიუჯეტის, არამედ - კერძო სექტორის ხარჯზე.

როცა კომპანია კერძოა, ინტერესიც მეტია, რომ შეიქმნას დოვლათი მათ მიერ და რეალურად ჩაერთონ ეკონომიკურ პროცესში. ამ რეალობაში, ყველაზე სწორი ნაბიჯი, ჩემი აზრითაც, პრივატიზაციაა", - აცხადებს „რეზონანსთან" ბაირახტარი.

ეკონომისტი ასევე მიიჩნევს, რომ ფასის მატება არ არის კავშირში გასხვისებასთან და მიზეზი მონოპოლიური გარემო უნდა იყოს. დღეს ბაზარზე „საქართველოს ფოსტას" რეალური კონკურენტი არ ჰყავს.

„გასხვისების შემდეგ რა ტარიფები დაწესდება, ამას ახალი მფლობელი გადაწყვეტს, ამ ვითარებაში კი არა მგონია, რამე კავშირი ჰქონდეს მომსახურების გაძვირებას ამ პროცესთან. მიმაჩნია, რომ ფასის ზრდის საშუალებას კომპანიას მონოპოლიური გარემო აძლევს, რომელიც დღეს ბაზარზეა. რეალურად, „საქართველოს ფოსტას" დღეს კონკურენტი არ ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ მცირე კომპანიები ბაზარზე საკმაოდ არიან", - აღნიშნა ბაირახტარმა „რეზონანსთან" საუბრისას.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი „რეზონანსი"