„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.
GDI-ს მიაჩნია, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა და საპენსიო ფონდში სავალდებულო შენატანის დაწესება ზღუდავს დასაქმებულის საკუთრების უფლებას, ხოლო დამსაქმებლისთვის, საკუთრების ჩამორთმევას უტოლდება. ბიუჯეტიდან დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო ფონდში სახსრების მიმართვა კი არ ეფუძნება თანასწორობის პრინციპს და მოქალაქეთა ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაციას იწვევს.
„მოქალაქეების იძულებას შექმნან დანაზოგი კანონმდებელი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვისა და მათი სიბერის უზრუნველყოფის მოტივით ამართლებს. თუმცა, სახელმწიფო ადამიანების ნაცვლად არ უნდა წყვეტდეს როგორ განკარგონ საკუთარი ქონება. კანონმდებელი ახალი საპენსიო სისტემის შექმნის გამართლების ძირითად მიზნებად ჩანაცვლების კოეფიციენტის ზრდას, საბიუჯეტო ფისკალური რისკების შემცირებას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას ასახელებს. თუმცა, საკუთრების უფლების რომელიმე ამ მიზნით შეზღუდვა კონსტიტუციურ სტანდარტებს ვერ პასუხობს. საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის არც საბიუჯეტო ფისკალური რისკების შემცირების მიზანია გამოსადეგი. სიცოცხლის საშუალო ასაკის ზრდა და საპენსიო ასაკს მიღწეულ პირთა სიმრავლე ზრდის საბიუჯეტო ფისკალურ რისკებს, რადგან საპენსიო გაცემების ყოველდღიურად ზრდა მძიმე ტვირთად აწვება ბიუჯეტს. ამიტომ, სახელმწიფოები ცდილობენ საპენსიო გაცემების ტვირთი სახელმწიფოდან კერძო სექტორზე გადაიტანონ. თუმცა, შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა ამ მიმართულებითაც ხარვეზიანია. ის არ აუქმებს მოქმედ საბაზისო პენსიას და ამით კვლავ ტოვებს საბიუჯეტო ფისკალურ რისკებს.“-აცხადებენ ორგანიზაციაში.
რაც შეეხება კაპიტალის ბაზრის განვითარებას, GDI-ს მიაჩნია, რომ მოქალაქეთა იძულებით კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა სცდება სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს.
„ამასთან სახელმწიფო მოქალაქეებს ავალდებულებს საკუთარი ქონება დიდი ალბათობით რისკიან კაპიტალდაბანდებად აქციონ და საპასუხოდ მოქალაქეების ქონების დაკარგვის რისკის დაზღვევის და ზიანის ანაზღაურების რაიმე ბერკეტს არ სთავაზობს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის დაკარგვის შემთხვევაში მოქალაქეები ზიანის ანაზღაურებას ვერ შეძლებენ.“-აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 (საკუთრების უფლება) და მე-11 (თანასწორობის უფლება) მუხლებთან მიმართებით ითხოვს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში ჩართვა 40 წლამდე ასაკის დასაქმებული მოქალაქეებისთვის სავალდებულოა, 40 წლის შემდეგ კი - ნებაყოფლობითი. ამასთან, საპენსიო რეფორმაში ჩართვა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისთვის.