"იდეიდან პირველ მილიონამდე”

კავასაკი სტივ ჯობსის უახლოესი პარტნიორი იყო და მის გვერდით Apple-ის დაარსების დღიდან იმყოფებოდა

გამომცემლობა ”პალიტრა L”-მა მომხმარებელს კიდევ ერთი საინტერესო და საჭირო წიგნი შესთავაზა. ამჯერად მკითხველს შესაძლებლობა ექნება ბიზნესის გურუს, გაი კავასაკის გახმაურებულ სახელმძღვანელოს ”იდეიდან პირველ მილიონამდე” გაეცნოს.

კავასაკი სტივ ჯობსის უახლოესი პარტნიორი იყო და მის გვერდით Apple-ის დაარსების დღიდან იმყოფებოდა. კომპანია გაიმ სტივთან ერთად დატოვა და უკანაც მასთან ერთად დაბრუნდა. როცა კომპანია Apple -ში საქმე გამოსწორდა, მან თავისი ვენჩურული კომპანია (Garage technology Ventures) შექმნა და მალე ტექნოლოგიების ბიზნესში წამყვანი პოზიცია დაიკავა.

დღეს ბიზნესსამყაროში გაი კავასაკი აღიარებულია ექსტრემალური ბიზნესმეთოდების ავტორად, რომელსაც წარმატება მუდამ თან სდევს; მისი წიგნები მრავალ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ მის ერთ-ერთ ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც The New York Times-ში დაიბეჭდა.

ხუთი წინადადება საკმარისია - "ომი და მშვიდობა" საჭირო არ არის

გაი კავასაკი ახალი ამბების საიტ agregator Alltop-ის თანადამაარსებელი და კომპანია Garage technology Ventures-ის მმართველი დირექტორია. მისი აზრით, ამერიკული ბიზნესი გაცილებით წარმატებული იქნებოდა, ბიზნესსკოლები შედარებით ლაკონიური ურთიერთობის ხელოვნებას რომ ასწავლიდნენ.

-პირველად თქვენი კარიერის რა ეტაპზე დაიწყეთ მუშაობა, როგორც ხელმძღვანელმა?

-მაშინ 28-29 წლის ვიქნებოდი და საიუველირო ბიზნესში ვმუშაობდი. კარიერა ალმასების დათვლითა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ოქროს სამკაულების გატანით დავიწყე. ეს ძალიან, ძალიან რთული საქმეა - უფრო რთული, ვიდრე კომპიუტერული ბიზნესი. კარგად უნდა გესმოდეთ, როგორ იზრუნოთ კლიენტებზე.

როგორ გამეყიდა - ეს ჩემთვის სასარგებლო გაკვეთილი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია საქონლის რეალიზაცია. ვიდრე ყიდით, თამაშგარეთ არ აღმოჩნდებით. ეს გაკვეთილი ჩემი კარიერის განმავლობაში არასოდეს დამვიწყებია.

-როგორ გახდით ხელმძღვანელი?

- სწავლის დროს პიტერ დრუკერის ნაწერები შემიყვარდა. ის ჩემი გმირი იყო. გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ისეთი მენეჯერი ვიქნებოდი, როგორიც დრუკერის წიგნებშია აღწერილი. ვფიქრობდი, კარგი ხელმძღვანელი გავხდებოდი; ადამიანებთან მათ მიზნებსა და განხორციელების გზებზე ვისაუბრებდი.

ვფიქრობდი, რომ ბუნებით ლიდერი ვარ, ამიტომ მიზნად დავისახე - მესწავლა მათემატიკაზე დაფუძნებული რთული დარგები, მაგალითად, ფინანსები და ოპერაციათა ანალიზი და არა ემოციებზე აგებული მარტივი საკითხები.

ბოლოს, როდესაც მენეჯერი გავხდი, მივხვდი, რამდენად საპასუხისმგებლოა ხალხის მართვა და ხელმძღვანელობა. ემოციებთან გამკლავება რთულია; მეორე მხრივ, გუნდთან მუშაობა იოლია - საქმის დიდ ნაწილს ან არ აკეთებ, როგორც მენეჯერი, ან საამისოდ ხალხი გყავს, რომელთაც ამუშავებ.

შესაძლოა, მხოლოდ ჩემი განათლების ბრალია, მაგრამ რაც ვისწავლე, დიდი ნაწილი პირიქით აღმოჩნდა. ითვისებ რიგ რთულ საკითხებს, შემდეგ კი ხედავ, რომ რეალურ გარემოში მათ ვერ იყენებ. სანამ HP12 კალკულატორის ან ელექტრონული ცხრილის გამოყენება შეგეძლებათ, გექნებათ ის ფინანსური ცოდნა, რაც უმრავლეს მმართველ თანამდებობებზე გჭირდებათ. ამაზე რომ მეფიქრა, უნდა შემესწავლა საორგანიზაციო ქცევა და სოციალური ფსიქოლოგია, შეიძლება ფსიქოპათოლოგიაც.

- მაშ, როგორ ისწავლეთ თქვენი საქმე?

- ჯერ ერთი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იძენ გარკვეულ ცოდნასა და გამოცდილებას მართვაში; ხშირად იმიტომაც, რომ სხვა გზა არ გაქვს.

მეორე, სწავლობ ბუფერული ზონის შექმნას თქვენსა და კლიენტებს შორის. სამსახურში უნდა აიყვანოთ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ საქმეებს თქვენზე უკეთ გააკეთებენ. პირადად მე დამყოლი, გულჩვილი მენეჯერი არ ვყოფილვარ, ამიტომ ბუფერის შესაქმნელად ვცდილობდი, ბუნებით მშვიდი ადამიანები დამექირავებინა. რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ, უნდა იპოვოთ ის, ვინც ამას შეძლებს.

-გვიამბეთ საუკეთესო ხელმძღვანელებზე, ვისთანაც გიმუშავიათ.

- საიუველირო ბიზნესში შესანიშნავი ხელმძღვანელი მყავდა. მან მასწავლა, როგორ შეიძლება საქონლის რეალიზაცია და როგორ ეფუძნება ბიზნესრეპუტაცია ნდობას.

Apple-ში ჩემი ხელმძღვანელი იყო მაიკ მიურეი - Macintosh-ის განყოფილების მარკეტინგის დირექტორი. მან იმდენი თავისუფლება მომცა, რომ რამდენჯერმე კისერიც კი მოვიტეხე. თუმცა, დროთა განმავლობაში, ამან ძალა შემმატა და ახლა საკუთარი თავის გადარჩენაც შემიძლია.

სტივ ჯობსისგან, რომელიც ჩემზე ბევრად მაღლა იდგა, ვისწავლე, რომ ადამიანები, თუკი მოინდომებენ, სამყაროს შეცვლიან. შეიძლება ჩვენ ბაზრის 95% წილი ვერ მივიღეთ, მაგრამ მსოფლიო უკეთესობისკენ შევცვალეთ. სტივისგან ვისწავლე, ზოგი რამ უნდა გჯეროდეს, რომ დაინახო.

ისინი ბუმბერაზი მასწავლებლები არიან - სრულიად განსხვავებული მათგან, რომლებზეც ამბობენ: მხოლოდ ის უნდათ, უბადრუკი ცხოვრება თავდახრილებმა განვლონ.

-როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ კომპანიის მისია?

-ამოსავალი წერტილია - რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთო მსოფლიოსთვის და იგი უკეთესობისკენ შეცვალო. Mac-ის განყოფილებაში გვჯეროდა, რომ ამას უფრო შემოქმედებითი და პროდუქტიული ადამიანების დახმარებით მივაღწევდით. სავარაუდოდ, Google-ის საფუძველიც რწმენაა - სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა ინფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობის გზით. ასე რომ, კომპანიის ამოსავალი წერტილია მიზანი, რომლის განხორციელების შედეგად იგი მიიღებს გარკვეულ ფიზიკურ პროდუქტს ან მომსახურებას, რასაც შემდეგ გაავრცელებს.

- როგორ შევარჩიოთ სასურველი თანამშრომელი?

-ყველაზე მნიშვნელოვანია - მიიღოთ კადრი, რომელიც შეგავსებს და მეტიც - გარკვეულ საკითხებში თქვენზე უკეთ ერკვევა. დადებითი პიროვნებები თავისზე უკეთეს ადამიანებს ეძებენ. A მოთამაშეები A+ მოთამაშეებს იყვანენ. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად შტატს მათზე უფრო ნაკლები უნარის მქონე მუშაკებისგან აკომპლექტებენ. ამ შემთხვევაში B მოთამაშეები C მოთამაშეებს ქირაობენ, C მოთამაშეები - D მოთამაშეებს და ა.შ.

ისევ სილიკონის ველს მივუბრუნდები: წარმოიდგინეთ, რომ კომპანიის დამაარსებელ ორ ინჟინერს განსაკუთრებული შეხედულება აქვს. მათი აზრით, მთავარ სირთულეს ქმნის ინჟინერია, ხოლო ყველაფერი სხვა: გაყიდვები, მარკეტინგი, ფინანსები, ოპერაციები, წარმოება - ადვილია.

ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, ისინი ფიქრობენ: თუ ამ საკითხებს ყურადღებას მიაქცევენ, შეძლებენ, გახდნენ წარმოების, ფინანსების, მარკეტინგის, გაყიდვების და ზოგადად ყველაფრის საუკეთესო ვიცე-დირექტორები. მაგრამ ის, ვინც ნამდვილად გენიალური ინჟინერი და ორგანიზატორია, მეტად გაიაზრებს მარკეტინგის სირთულეებს და დაიქირავებს სპეციალისტს, რომელიც მასზე გაცილებით უკეთესად იმუშავებს.

იამაყებთ, რომ თქვენზე უკეთესი მუშაკი დაიქირავეთ. თუმცა ამგვარად მოაზროვნე ადამიანი ძნელად თუ მოიძებნება.

მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხია - შეუცვლელ ადამიანად არ ითვლებოდეთ. უდიდესი მიღწევაა, როდესაც ორგანიზაცია უთქვენოდაც გამართულად მუშაობს! ეს ნიშნავს, რომ არჩევანი შეაჩერეთ საუკეთესო ადამიანებზე, მოამზადეთ ისინი და სამუშაოთი დააინტერესეთ. თუ ხელმძღვანელები ასე მოიქცევიან, მსოფლიო უკეთესობისკენ შეიცვლება.

- აგვიხსენით, რას ნიშნავს ადამიანის შეუცვლელობა?

-უარყოფით პიროვნებებს ურჩევნიათ, კომპანია მათ გარეშე გაკოტრდეს, ვიდრე წარმატებას მიაღწიოს. ისინი უდიდესი ეგოისტები არიან - თავის გარეშე კომპანიის განვითარება ვერ წარმოუდგენიათ, ამჯობინებენ, განადგურებული ნახონ იგი.

-კიდევ რას გვეტყოდით ადამიანების დაქირავებაზე?

-მთავარია, როგორ ტარდება გასაუბრება. უამრავი კვლევა არსებობს, რომელთა თანახმად, პირველი და მეორე ტურების გასაუბრება ტელეფონით უნდა ჩატარდეს და არა პირისპირ შეხვედრით, რადგან ამ უკანასკნელის დროს მრავალი ფაქტორი მოქმედებს, რასაც კანდიდატის კომპეტენციასთან საერთო არაფერი აქვს. მაგალითად, ეს ადამიანი რამდენად სიმპათიურია? როგორ იცვამს? - უამრავი ფაქტორი გაგიფანტავთ ყურადღებას. ამის ნაცვლად უნდა გქონდეთ კითხვების სია, რასაც ყოველ კანდიდატს ტელეფონით დაუსვამთ.

კიდევ ერთი სირთულე: ადამიანების უმრავლესობას სჯერა, გასაუბრებას კარგად ატარებს და პიროვნების ხასიათის ზუსტად შეფასება შეუძლია. ისინი ცდებიან. ამიტომაც ზოგ კომპანიაში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ხელმძღვანელის "კლონი" გეგონებათ: ყველა თეთრკანიანია, მაღალი და აღმოსავლეთ სანაპიროს კერძო სკოლა აქვს დამთავრებული.

- რა უნდა ასწავლონ ბიზნესსკოლებმა შედარებით მეტად ან ნაკლებად?

- სტუდენტებს უნდა ასწავლონ, თუ როგორ შეადგინონ ხუთი წინადადებით ელფოსტით გასაგზავნი ინფორმაცია; როგორ მოამზადონ PowerPoint-ში 10-სლაიდიანი პრეზენტაცია. ყველა სტუდენტისთვის ეს რომ ესწავლებინათ, ამერიკული ბიზნესი გაცილებით წარმატებული იქნებოდა.

- რატომ?

-იმიტომ, რომ არავის სურს "ომი და მშვიდობის" წაკითხვა ელექტრონული ფოსტით. ვის აქვს ამის დრო? იგივე ითქმის PowerPoint-ში მომზადებულ 60-სლაიდიან პრეზენტაციაზე ერთსაათიანი შეხვედრისთვის.

ის, რასაც სკოლაში სწავლობთ, ხშირად იმის საპირისპიროა, რაც რეალურად მსოფლიოში ხდება. მაგალითად, სკოლაში მუდამ აქტუალურია მინიმუმები: საკმარისია, წაიკითხოთ 20 გვერდი ან გქონდეთ ამდენი და ამდენი სლაიდი და ა.შ. ამის მერე რეალურ სამყაროში შედიხართ და იმავეს ფიქრობთ: "მინიმუმ 20 გვერდი უნდა წავიკითხო და 50 სლაიდი მქონდეს".

- რას ეტყოდით ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულებს?

- ეს უფრო ზოგადი დარიგება, დასკვნა იქნება - ბიზნესში წარმატების საფუძველია მზადყოფნა, რომ საქმეს უდიდესი ძალისხმევა დაახარჯოთ. ეს მარტო ბრწყინვალე იდეის გამო არ უნდა გააკეთოთ - მძიმე, დაძაბული მუშობისთვის მზად უნდა იყოთ. ეს არის ჩემი წარმატების გასაღები!

- რას ურჩევდით წარმატებული კარიერისთვის ადამიანს, რომელიც უნივერსიტეტს ამთავრებს?

-ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აუცილებლად საუკეთესო კომპანიაში უნდა იმუშაოს - იქნებ Goldman Sachs, Google an Apple? მათი აზრით, პირველი საქმე განსაზღვრავს მათ კარიერას, თუ მთლიანად ცხოვრებას არა.

დაფიქრდით, ეს სრულიად არასწორია... თუ კონსულტანტი ან საინვესტიციო ბანკირი გახდებით, იცოდეთ, თავიდანვე დაუშვებთ შეცდომას. ვთქვათ, მუშაობა დაიწყეთ ახალშექმნილ კომპანიაში, რომელიც მეორე Google ხდება. ახლა თქვენ 25 წლის ხართ და 50 მილიონს ფლობთ. ასეთ კარიერას ყველა წარმატებულს უწოდებს.

მეორე მხრივ, დავუშვათ, რომ მუშაობას შეუდექით ახალშექმნილ კომპანიაში, რომელსაც განადგურება ემუქრება. ასეთ კომპანიაში უკეთ ისწავლით ხელმძღვანელობას, ვიდრე "მეორე" Google-ში. სახელდობრ, შეიძენთ გამოცდილებას - რა არ უნდა გაკეთდეს. არც შეცდომას დაუშვებთ, როგორც უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

- საგანგებოდ რატომ აღნიშნეთ საბანკო ინვესტიციები და კონსულტაციები?

-საბანკო ინვესტიციებით დიდი ფულის შოვნა შეიძლება, რაც მცდარ წარმოდგენას შეგიქმნით - საკუთარი თავი დიდი ვინმე გეგონებათ. დაიწყებთ ფრენას სამსახურებრივი თვითმფრინავებით, დაესწრებით საბჭოს შეხვედრებს, მაგრამ ფასეულს ვერაფერს შექმნით.

კონსულტაციებს თავისი სირთულე ახლავს - თუ პირდაპირ ამ საქმეს შეუდგებით, ჩამოგიყალიბდებათ თვალსაზრისი, რომ ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება კომპანიის საქმიანობის ყველაზე რთული ნაწილია. სინამდვილეში ასე არ არის - რთულია გადაწყვეტილების განხორციელება და არა მისი მიღება.

კონსულტაციებს კიდევ ერთი სირთულე ახლავს: თქვენ, რომელსაც საათში 400 დოლარს გიხდიან, აგებთ ლამაზ დიაგრამებს, ამზადებთ პრეზენტაციებს PowerPoint-ში, ურჩევთ კლიენტს, როგორ მოიქცეს და გადადიხართ მომდევნო პროექტზე. ამასობაში რწმუნდებით, რომ გენიოსი ხართ: კარგად იცით, როგორ მიიღოთ გადაწყვეტილება და, რაც ყველაზე უარესია, იცით, როგორ განახორციელოთ... თუმცა ამ ყველაფერს რეალიზაცია არ უწერია.

შეიძლება შეგექმნათ აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენა საკუთარ თავზე, როგორც დიდ მენეჯერზე, როდესაც, ფაქტობრივად, არაფერი გაგიკეთებიათ: არავინ დააინტერესეთ, პროდუქტი არ შექმენით. კლიენტს მხარი არ დაუჭირეთ... მთელი თქვენი შემოქმედება ელექტრონული ცხრილები და PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაციებია.

შეგიძლიათ ვენჩურულ ფონდში მუშაობაც. თუმცა ვენჩურულ კაპიტალთან ურთიერთობა უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დიდი შეცდომაა, რადგან მეწარმეები საკუთარ აზრებს მოგახვევენ და ისეთ რამეს გთხოვენ, რის შესახებაც არაფერი იცით - მაგალითად, როგორ მართოთ კომპანია.

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა მუშაობა უნდა დაიწყონ იქ, სადაც ისწავლიან, სულ მცირე, სამ რამეს: როგორ შექმნან, როგორ გაყიდონ და როგორ შეინარჩუნონ.

ადამ ბრაიანტი

20 მარტი, 2010 წელი