რა ქონებას ფლობს ლევან იზორიას ოჯახი

საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს.

კანონმდებლობის მიხედვით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ - პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მერებსა და სხვა თანამდებობის პირებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს და როგორ შეიცვალა თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ქონებრივი მდგომარეობა. მის მიერ გასული წლის 28 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში მინისტრის შემოსავალმა აღნიშნულ პოსტზე 106 120,63 ლარი; ხოლო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობისას 7 200 ლარი შეადგინა.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, იზორია უძრავ ქონებას არ ფლობს და ყველაფერი მისი მეუღლის საკუთრებაშია. რაც შეეხება მინისტრის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე - 3 250,78 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის შევსების მომენტში იზორიას 45 000 დოლარის იპოთეკური სესხი ჰქონდა, რომლის შედეგადაც მისმა წლიურმა გასავალმა 6 517,92 დოლარი შეადგინა. ამასთან, მისმა წლიურმა გასავალმა ქონების გადასახადის სახით 1 713,67 ლარი შეადგინა.

ლევან იზორიას ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. მისი მეუღლე ფლობს 386 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს დიღომში, რომელიც 2018 წელს 390 000 ლარად აქვს შეძენილი. მის საკუთრებაშია ასევე, 600 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, იმავე მისამართზე მდებარე 414 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი და 2016 წელს 76 000 დოლარად შეძენილ 700 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი დედაქალაქში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე - 1 440,08 ლარი ჰქონდა.

მინისტრის მეუღლის შემოსავალმა ნავთობისა და გაზის კორპორაციაში უსაფრთხოების სამსახურის მთავარ სპეციალისტად მუშაობისას 2017 წლის განმავლობაში, 27 640,07 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, მის სახელზე იყო რეგისტრირებული 84 000 დოლარის იპოთეკური სესხი, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა 31 808,92 დოლარი შეადგინა; ჰქონდა 16 300 დოლარის სესხიც, რომლის გასავალმაც წლიურად 6 399,6 დოლარი შეადგინა. ამასთან, გაქირავებული ჰქონდა ბინა, რის საფუძველზეც წლიური შემოსავლის სახით, 39 000 დოლარი მიიღო.

გარდა ამისა, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მინისტრ ლევან იზორიას მეუღლის გასავალი საშემოსავლო გადასახადის სახით, საცხოვრებელის სახლის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლიდან - 4 590 ლარი; ხოლო ნათესავზე თანხის გასესხების შედეგად მისი შემოსავალი 6 000 დოლარი იყო.