ამერიკული კორპორაცია Ford აპირებს საკუთარი ბიზნესის რეორგანიზაციას ევროპაში, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას ნიშნავს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.
„ჩვენ ვაპირებთ არსებითად შევცვალოთ ჩვენი ბიზნესის ფუნქციონირება და ეს იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას რეგიონზე. ამისათვის ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას“ - აცხადებს კომპანიის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი, სტივენ არმსტრონგი.
მან სააგენტოსთან ასევე დააზუსტა, რომ განიხილავენ ცალკეული საწარმოების დახურვასაც ევროპაში.
როგორც Bloomberg წერს, კორპორაციის ევროპის განყოფილებებში დასაქმებულია 54 ათასი თანამშრომელი, მათი უმეტესობა კი მუშაობს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში. ამ დროისთვის არ სახელდება ზუსტი რიცხვი, თუ რამდენი ადამიანის გათავისუფლება იგეგმება.
სააგენტოს ცნობით Ford ევროპაში ისეთ სირთულეებს აწყდება, როგორიცაა ახალი ტექნოლოგიებისადმი ადაპტაცია, გარემოს დაცვის მარეგულირებელი გაძლიერებული კანონმდებლობა და Brexit -ით გამოწვეული ბაზარზე არსებული დაძაბულობა.