მე გადავწყვიტე, რომ ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით შეიქმნას ფონდი, სადაც გადავრიცხავ ჩემს ხელფასს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმდა. მისივე ინფორმაციით, მის მიერ შექმნილი ფონდი ქველმოქმედებასა და გარკვეული ინიციატივების დაფინანსებას მოხმარდება.
„რადგანაც ახალ ვითარებაში პრეზიდენტის ფონდი გაუქმებულია, მე გადავწყვიტე, რომ ახალი ფორმები მოვნახოთ იმიტომ, რომ რაღაცა ნაწილი სწორედ ამ კუთხით - ინიციატივების, ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობა აუცილებელია. პრეიზიდენტი ამ ქმედებების ერთგვარი მფარველი უნდა იყოს. მე გადავწყვიტე, რომ მოვძებნოთ ფორმა და ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით, კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც პირველ რიგში მე და იმედი მაქვს, რომ სხვებიც მომყვებიან, გადავრიცხავ ჩემ ხელფასს, რამეთუ მე ვღებულობ უკვე საფრანგეთის პენსიას, რაც მეყოფა სრულებით. ასე რომ, შემიძლია ჩემი პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საქმეებს, რასაც გადავწყვიტავთ ერთად, რომ არის მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.