მშენებლები მთავრობისგან კონკურენტულ გარემოს ითხოვენ

”პირადად ვთხოვე მინისტრს, რომ ბინის გამქირავებლებისთვის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი გაუქმდეს”

სამშენებლო სექტორში შექმნილ უკონკურენტო გარემოს ქართველი დეველოპერები ყველაზე მტკივნეულ პრობლემად მიიჩნევენ. ისინი მთავრობისგან მოითხოვენ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას, რამაც სამშენებლო დარგის განვითარება დიდი ხნით შეაფერხა.

ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე დეველოპერებმა მთავარ პრობლემად ბიზნესისთვის ხელისშემშლელი არაჯანსაღი, უკონკურენტო პირობები დაასახელეს.

ის, რომ სამშენებლო სექტორში ასე თუ ისე აქტივობა იგრძნობა, ეს დარგის სტაბილურობაზე არ მეტყველებს. პრობლემების მოგვარებას მთავრობა სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობით შეეცდება. ამის პირობა დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს ფინანსთა მინისტრმა მისცა.

ნოდარ ხადურის ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-მაისში 13%-ითაა მომატებული ეკონომიკური აქტივობა, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 28,5% - სწორედ სამშენებლო სექტორს უკავია. ასევე 21%-ითაა გაზრდილი ოპერაციები უძრავ ქონებაზე და იჯარაზე.

გუშინდელ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო პირველი 5 თვის ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციები, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, საგადასახადო შემოსავლების კუთხით 6 თვეში არსებული დინამიკა, საგარეო ვალის შემცირების მონაცემები. მოისმინეს წინადადებები და მოსაზრებები, თუ რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფო და კერძო ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო გააქტიურებისა და ამ მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ასევე საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისათვის.

”ვიცით, რომ დარგი, რომელიც ვითარდება, არ არის პრობლემების გარეშე. საუბარი გვქონდა ისეთ საკითხებზე, რომელიც სცილდება ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების მოადგილეებიც. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც ამ დარგს კიდევ უფრო კონკურენტულს გახდის”, - აღნიშნა ხადურმა სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში სამინისტრომ საჯარო ინფრასტრუქტურულ პროექტებში 305 მლნ ლარზე მეტი დახარჯა, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია ბოლო წლების განმავლობაში.

”ჩვენთვის უცხო არ არის ის პრობლემები, რომელიც აქვს სამშენებლო სექტორს და ყველას ინტერესშია ამ საკითხების მოგვარება. მათი ძირითადი ნაწილი მემკვიდრეობითია და უკავშირდება კომპანიების საპროექტო და საკანონმდებლო ხარვეზებს, ფინანსურ პრობლემებს. ვფიქრობ, წელს შევძლებთ ამ მიმართულებით საკითხების მოგვარებას და მომავალი წლიდან გაცილებით თავისუფალი და ეფექტური იქნება მშენებლების საქმიანობა, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებში”, - განაცხადა მურღულიამ.

მენაშენეთა ასოციაციის პრეზიდენტის, ირაკლი როსტომაშვილის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო პრობლემების დაძლევის გზებს, თუმცა არ ყოფილა მსჯელობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამშენებლო კოდექსი, დაუმთავრებელი მშენებლობები და სხვა. როსტომაშვილის განცხადებით, ყველაზე დიდი პრობლემა სამშენებლო დარგისთვის ბაზარზე არსებული არათანაბარი პირობებია.

”წინა ხელისუფლების დროს, დაახლოებით, 27 000 ერთეული უძრავი ქონება კერძო და იურიდიულ პირებზე 1 ლარად, სიმბოლურ ფასად გაიცა. ამან მთელი ბაზარი გააფუჭა და არათანაბარი პირობები შექმნა. საბოლოოდ კი, პრობლემა გაუჩნდათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ბაზარზე მოქმედებენ საბაზრო ეკონომიკის პრინციპით, ანუ უწევთ მიწის ყიდვა. გამოდის, რომ მეზობელ ნაკვეთებზე ერთ მფლობელს მიწა დეველოპერისგან სოლიდურ ფასად აქვს შეძენილი, ხოლო მეორეს - 1 ლარად აქვს ნაჩუქარი. ასეთ პირობებში კონკურენციასა და სამშენებლო სექტორის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია”,- აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

ბიზნესმენი ამის მაგალითად ვარკეთილში ოლიმპიური სოფლის მშენებლობას ასახელებს, რომელსაც ჩინური კომპანია აშენებს:

”ისინი გათავისუფლებული არიან გადასახადისგან, მათ სახელმწიფო უკეთებს ყველანაირ საინჟინრო კომუნიკაციებს, რომელიც მილიონები ჯდება. მათ სახელმწიფომ გადასცა მიწა, პრაქტიკულად, უფასოდ, როცა ქართველ მეწარმეებს უწევთ უზარმაზარი თანხის გადახდა, თუნდაც წყლის, გაზის და სხვა საინჟინრო კომუნიკაციების მისაყვანად. ასევე ვიხდით გადასახადებსაც”, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი, რომელმაც ამ პრობლემის გადაჭრისთვის დახმარება ფინანსთა მინისტრს პირადად სთხოვა.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის მოგვარება მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურისგან ითხოვა, უძრავი ქონების ბაზარზე გამქირავებლებისთვის საშემოსავლო გადასახადის გაუქმებაა.

”პირადად ვთხოვე მინისტრს, რომ ბინის გამქირავებლებისთვის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი გაუქმდეს. საერთოდ, მრავალი საკითხია, რის მოგვარებასაც მთავრობისგან ველოდებით. ვფიქრობ, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, სამშენებლო სექტორისთვის ბევრის მომცემი. მთავარია, ასეთი ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს და არსებული პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტა შევძლოთ”,- აღნიშნა როსტომაშვილმა.

სამშენებლო კომპანია ”აქსისის” გენერალური დირექტორის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, არათანაბარ პირობებში საქმიანობა ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც სამშენებლო ბიზნესის თითქმის ყველა წარმომადგენელს აწუხებს.

”ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში სამშენებლო სექტორის წილი ძალიან მნიშვნელოვანია. ის განსაზღვრავს სტაბილურობას ეკონომიკურ სექტორში, რაც ბიზნესის განვითარებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. ვთვლი, რომ საინტერესო სამუშაო შეხვედრა შედგა, დაისვა მრავალი ისეთი საკითხი, რომელიც ქვეყანაში უნდა დარეგულირდეს. მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად. შევთანხმდით, რომ ამ შეხვდერებს სისტემური ხასიათი მიეცემა, რაც სამშენებლო სექტორის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია”, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

მთავრობის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”