რა ქონებას ფლობს ლევან კობიაშვილი და რა ინფორმაცია არ აქვს დეკლარაციაში მითითებული

პარლამენტის წევრსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს გასულ წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულ თანამდებობებზე მიღებული შემოსავალი მითითებული არ აქვს. ეს მონაცემი მას არც 2017 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ჰქონდა აღნიშნული. თუმცა, 2016 წლის დეკლარაციის თანახმად, კობიაშვილის შემოსავალმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე 63 334 ლარი შეადგინა. ცნობისთვის, კობიაშვილი ამ თანამდებობას 2015 წლის 3 ოქტომბრიდან იკავებს.

2018 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან კობიაშვილი ფლობს 425 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლის 50%-იან წილს დუსელდორფში; 550 კვ. მეტრის სახლის 50%-იან წილს ბერლინში და 790 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთის 50%-ს დუსელდორფში. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მდებარე ქონების თანამფლობელი კობიაშვილის დეკლარაციაში მითითებული არ არის, თუმცა, 2016 წელს შევსებულ დეკლარაციაში უძრავი ქონების დანარჩენ 50%-იან წილს მისი მეუღლე ფლობდა.

მასვე ეკუთვნის 281 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში; 450 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი და 2100 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი წყნეთში; 6500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი ბაკურიანში. ასევე მის საკუთრებაშია 180- 110 და 150 კვ. მეტრი ფართობის 3 ბინა თბილისში. გარდა ამისა, კობიაშვილი ფლობს მსუბუქ ავტომობილებს Mercedes benz-სა და Audi-ს.

დეკლარაციის შევსების მომენტში, დეპუტატს საბანკო ანგარიშზე 4 057,7 ლარი და 12 500 ევროს ოდენობის საკრედიტო; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 6 000 ლარი; 10 000 დოლარი და 35 000 ევრო ჰქონდა. ეს უკანასკნელი სესხის სახით აქვს მიღებული, ხოლო დანარჩენი თანხა გერმანიაში მუშაობიდან. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, კობიაშვილი შპს „ჯ.ს.ს“-ს 10%-იანი წილის მფლობელიცაა.

რაც შეეხება მის სხვა შემოსავლებსა და გასავალს, დეკლარაციის მიხედვით, საცხოვრებელი ბინის ქირავნობიდან 1 400 დოლარისა და 19 600 დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული. მისმა გასავალმა კი შვილების სწავლის გადასახადის საფასურის სახით, 14 500 დოლარი და 9 250 გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

კობიაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. დეპუტატის მეუღლეს დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე - 4 981,23 ევრო და 9 025 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 15 000 დოლარი და 10 000 ევრო ჰქონდა.