წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის მე-3 კვარტალში 322.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მე-3 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 48.2 პროცენტით ნაკლებია.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელია საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი კომპანიები. აღსანიშნავია, რომ „საქსტატი“ არ გასცემს ინფორმაციას, თითოეულ კომპანიაში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობის შესახებ, შესაბამისად, სტატისტიკის სამსახურმა მხოლოდ კომპანიათა ჩამონათვალი მოგვაწოდა. ამასთან, ეს სია რეიტინგის მიხედვითაც არ არის დალაგებული.
გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წლის საბოლოო მაჩვენებელი მომავალ წელს იქნება, გთავაზობთ 2017 წლის Top-10 კომპანიას განხორციელებული ინვესტიციის მოცულობის მიხედვით.
2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 1,895 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი 472,5 მლნ დოლარის ინვესტიცია ტრანსპორტის დარგში განხორციელდა; მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი - 302,6 მლნ დოლარით, მე-3 და მე-4 ადგილზე კი მშენებლობისა და ენერგეტიკის სექტორებია, შესაბამისად, 283,1 მლნ და 224,1 მლნ დოლარის მოცულობით.
ტოპ-10 ინვესტორი კომპანიის ჩამონათვალიც მეტნაკლებად თანხვედრაშია ამ ეკონომიკის სექტორებთან, სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა, საინტერესოა, რომ სიაში არცერთი საფინანსო სექტორში მოღვაწე კომპანია არ მოხვდა. კომპანიათა ათეულში შედარებით ჭარბად - მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებია. ესენია: სს „მეტრო ავრასია ჯორჯია“ და „ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში“, რომელთა საქმიანობაც მშენებლობაა; ათეულში ორი კომპანიაა ასევე, რომელთა საქმიანობის სფეროც ენერგეტიკაა. კერძოდ, ესენია - სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“. კიდევ ორი მსხვილი ინვესტორი კომპანია კი - შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ და „აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი“ დამამუშავებელ მრეწველობაშია დასაქმებული. ათეულში მოხვდნენ ასევე: შპს „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი“, შპს „მაგთიკომი“, „BP ჯგუფი“ და შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“.